საუდის არაბეთის პრინცესა და მისი ქალიშვილი მკაცრი რეჟიმის ციხიდან სამი წლის შემდეგ გაათავისუფლეს. საქმე იმაშია, რომ დედა-შვილი პატიმრობაში ამ ხნის განმავლობაში კონკრეტული ბრალის წარდგენის გარეშე იმყოფებოდა.
განცხადებას მათი სამწლიანი უცნაური პატიმრობის შესახებ საუდის არაბეთის ორგანიზაცია ALQST-ის ლონდონის ოფისი აკეთებს.
პრინცესა ბასმა ბინტ საუდი 2019 წლის მარტში მაშინ დააკავეს, როდესაც ის შვეიცარიაში, სამედიცინო დახმარების მიზნით მიემგზავრებოდა.
იყო ვერსიაც, რომ დედა-შვილის დაკავება, შესაძლოა, საკონსტიტუციო რეფორმის გასატარებლად პრინცესას აქტიურობას უკავშირდებოდა. ის ამ კუთხით საუდის არაბეთში ერთ-ერთ მთავარ აქტივისტად ითვლებოდა.
თუმცა იყო მეორე ვერსიაც და მას თანამოაზრეებიც ჰყავდა - მათი მტკიცებით, პრინცესასა და მისი ქალიშვილის დაპატიმრება, თავად პრინცესა ბასმა ბინტისა და ტახტის ყოფილი მემკვიდრის, პრინც მუჰამედ ბენ ნაიეფის ურთიერთობას უკავშირდება.
57 წლის პრინცესა ბასმამ საუდის არაბეთის მეფე სალმანს და მის მემკვიდრეს, პრინც მუჰამედ ბენ სალმანს გათავისუფლების თხოვნით ჯერ კიდევ გასული 2021 წლის აპრილში მიმართა, სადაც წერდა, რომ ცუდი არაფერი ჩაუდენია, მისი ჯანმრთელობა კი სერიოზულად არის შერყეული.
ის და მისი ქალიშვილი 2019 წლის შემდეგ მხოლოდ ახლა, 3 წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს, ისე, რომ ამ ხნის მანძილზე მათ წინააღმდეგ ბრალდებაც კი არ წაუყენებიათ.