28 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
გზავნილები ნატოს მინისტერიალიდან - რა განაცხადეს საქართველოს მოკავშირეებმა

ალიანსის გაფართოების საკითხსა და რუსეთის აგრესიულ პოზიციაზე ნატო აშშ-სთან დამოუკიდებლად მსჯელობს, თუმცა კონსულტაციები უშუალოდ პარტნიორ ქვეყნებთანაც აქვს. ასპირანტი სახელმწიფოების მხარდაჭერა იენს სტოლტენბერგმა ამჯერად ნატოს მინისტერიალზე დააფიქსირა, სადაც მოკავშირეებმა უკრაინასა და მის ირგვლივ რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო მობილიზებაზე იმსჯელეს. თქვეს, რომ რუსეთის ქმედებები და მუქარის შემცველი რიტორიკა ევროპის უსაფრთხოების წესრიგს რეალურ საფრთხეს უქმნის.

რუსეთის ჩარევასა და უსაფრთხოების საფრთხეებზე მეტად ხისტი განცხადება გააკეთა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა. ენტონი ბლინკენის თქმით, უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების ზრდის საკითხის დიპლომატიური მოგვარება ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუმცა ნატო მზადაა, რუსეთის აგრესიას საკადრისი პასუხი გასცეს.

რუსეთის მიმართ, მსგავს გზავნილებს ქართული მხარე ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომისგანაც ელოდება - ეს მოკლე დროში, რამდენიმე დღეში ჩანიშნული შეხვედრიდან, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს აქვს მოლოდინი, რომ წელს დაგეგმილი ნატოს სამიტი წევრობის საკითხს მეტად მკაფიოდ განსაზღვრავს.

გზავნილი, რომ ალიანსის წევრობა მხოლოდ გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისა და ნატოს გადასაწყვეტია, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში თანაბრად პოზიტიურად შეფასდა, თუმცა ოპოზიციის ნაწილის შეფასებით, ამისთვის, მხოლოდ ორმხრივი სურვილი საკმარისი არ არის.

გზავნილები რომ ცალსახად მნიშვნელოვანია, ამაში ოპონენტებს მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც ეთანხმებიან. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ საქართველოსა და უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერის გარდა ნატოს გენმდივანმა რუსეთის მიმართ მეტად მკაფიო განაცხადი გააკეთა.

ნატოს გაფართოების საკითხსა და რუსეთის ულტიმატუმზე საერთაშორისო დისკუსია მომდევნო კვირიდან აქტიურად გაიხსნება, ამჯერად უკვე რუსული მხარის უშუალო ჩართულობით.

დღის ამბები