28 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
ყაზახეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს ესაუბრა და ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა - ქვეყანაში 3 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი იმყოფება

ყაზახეთში ვითარება კვლავ დაძაბულია. მაგნისტაუს რეგიონსა და ალმატიში მთელი დღის განმავლობაში სროლის ხმა ისმოდა. დაძაბულობას ცენტრალური აზიის ქვეყანაში 22 წლის ქართული წარმომავლობის ისრაელის მოქალაქე ემსხვერპლა. ლევან კოგეაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გამოცემა Times of Israeli-მა გაავრცელა. ყაზახეთის პრეზიდენტმა 10 იანვარი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.

ცენტრალური აზიის ბუნებრივი რესურსებით უმდიდრეს ქვეყანაში, ამ დრომდე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების სამხედრო ძალების დესანტირება მიმდინარეობს. ქვეყანაში გაგზავნილი 4000 სამხედროდან 3000-ზე მეტი რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელია. სამშვიდობო ოპერაციას კი ყირიმის ანექსიის მონაწილე გენერალი ანდრეი სერდიუკოვი ხელმძღვანელობს. დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი პირადად ვლადიმერ პუტინსაც ესაუბრა და ახლო მომავალში, ნურსულთანში, უსაფრთხოების კონფერენცია დაგეგმა.

დღის განმავლობაში არაერთგვაროვანი ცნობები ვრცელდებოდა, ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით. რუსული ონლაინგამოცემა ლენტა.რუ წერდა, რომ ექს-პრეზიდენტი ჩინეთში ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფება, რასაც მალე ნაზარბაევის პრეს-სპიკერის ოფიციალური განმარტება მოჰყვა. აიდის უკბაიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნაზარბაევი სამშობლოშია და მოქმედ პრეზიდენტთან ინტენსიური კომუნიკაცია აქვს.

ყაზახეთში მიმდინარე პროცესებს საერთაშორისო საზოგადოებაც ეხმაურება. ნატოს გენერალურმა მდივანმა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა თქვეს, რომ მოვლენებს აქტიურად აკვირდებიან. დასავლელი პარტნიორები ხელისუფლებას ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებენ, მოქალაქეებს კი ძალადობრივი ქმედებებისგან თავშეკავებას ურჩევენ.

არეულობა და სახელმწიფო შენობებზე შტურმის მცდელობები ყაზახეთში უკვე თითქმის ერთი კვირაა გრძელდება. ამ დროისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და დაკეტილია საზღვრები. ბოლო მონაცემებით, სულ საპროტესტო აქციის 4400-ზე მეტი მონაწილეა დაკავებული. დაპირისპირებას უკვე რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები