ევროპის კონტინენტზე "ომიკრონი" სწრაფად გავრცელებას განაგრძობს. ყოველდღიურად ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. მთავრობებისთვის ვაქცინაციის აქტიური კამპანია მთავარ პრიორიტეტად იქცა, რათა ჯანდაცვის სერვისებზე ზეწოლა შემსუბუქდეს.
ლონდონის საავადმყოფოებში პერსონალის დეფიციტის გამო სამხედროების, მათ შორის არმიის ექიმების გადანაწილება დაიწყეს.
"ომიკრონის" ტალღის მკვეთრად ზრდის გამო ზომებს ამკაცრებს ავსტრია. მომავალი კვირიდან, არავაქცინირებულებისთვის მაღაზიებსა და კულტურულ დაწესებულებებზე შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება.
საფრანგეთში "ომიკრონის" ტალღის პიკს 10 დღეში ელოდებიან. ინფიცირებულთა რიცხვი დღიურად 260 ათასს აჭარბებს. პირველად, ბოლო 7 დღის საშუალო მაჩვენებელი 200 ათასზე მაღალია. საბერძნეთში კი 60 წელს გადაცილებული პირებისთვის სავალდებულო ვაქცინაცია იგეგმება.
ავსტრალიაში ინფიცირების მატების ფონზე ახალი სამხრეთ უელსის შტატში მალე ვაქცინის მე-3 დოზა წინა ხაზზე მომუშავეთათვის სავალდებულო გახდება.
ინდოეთში კოვიდ-შემთხვევები ერთ კვირაში 5-ჯერ გაიზარდა. ქვეყნის მასშტაბით, ქალაქებში ომიკრონი დიდი სისწრაფით ანაცვლებს დელტა ვარიანტს. მთავრობა ვარაუდობს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა მაისში დაფიქსირებული პიკის რეკორდს მოხსნის.
ბრაზილიამ კი pfizer-სგან პედიატრიული ვაქცინები შეიძინა. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, თვის ბოლოსთვის 5 წლიდან ბავშვების ნებაყოფლობითი ვაქცინაცია იწყება.
ზედიზედ მე-3 დღეა რეკორდული შემთხვევები ფიქსირდება არგენტინაშიც, სადაც ომიკრონით გამოწვეული პანდემიის მე-3 ტალღის ფონზე დღიურად თითქმის 110 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ავტორი: თიკო ცერცვაძე