28 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
რა წერია სამხარაულის ბიუროს დასკვნაში ლექსო ლაშქარავას საქმეზე? - საგარეო უწყება : "ექსპერტიზის პასუხებს იუნესკოს გადავუგზავნით"

"იუნესკოს" სიაში გარდაცვლილი ქართველი ტელეოპერატორის, ლექსო ლაშქარავას შეყვანას საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.

როგორც უწყებაში განმარტეს, აღნიშნული სია ივლისში გამოქვეყნდა. ლექსო ლაშქარავას შემთხვევაში კი ორგანიზაცია გამოძიების მასალებს ელოდებოდა. საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით უკვე არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც "იუნესკოს" გადაეგზავნება.

"იუნესკოს აღნიშნული სია, რომელიც ასახავს მთელს მსოფლიოში მედიასთან დაკავშირებულ ცალკეულ ინციდენტებს, არ არის ახალი. აღნიშნული სია გამოქვეყნდა ივლისში და ლექსო ლაშქარავას გრაფაში მითითებულია ფრაზა "ახალი შემთხვევა", რაც არის იმის ინდიკაცია, რომ იუნესკო ელოდება ექსპერტიზის მასალებს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შსს-დან უკვე გამოითხოვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც გადავუგზავნით "იუნესკოს" და შესაბამისად, მოხდება სიის განახლება," - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომელსაც საგარეო უწყება "იუნესკოს" გადაუგზავნის, 30 დეკემბრით თარიღდება და ის, როგორც მტკიცებულება უკვე დაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული გამოძიების მასალებს.

სამედიცინო და ქიმიურ - ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის მონაცემებით, სამხარაულის ბიურო, ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზად, ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინით" ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებულ გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობას უთითებს.

დასკვნას ხელს, გარდაცვლილის წარმომადგენლების მხრიდან ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძეც აწერს.

დღის ამბები