28 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
მსოფლიოში "ომიკრონით" დაინფიცირების შემთხვევები რეკორდულია - აშშ-ში გრემის დაჯილდოების ცერემონია გაურკვეველი ვადით გადაიდო 

საფრანგეთის პარლამენტმა კოვიდ-პასპორტები დაამტკიცა. გადაწყვეტილება ემანუელ მაკრონის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც არავაქცინირებულებისთვის დისკომფორტის შექმნა მთავარ სტრატეგიად დასახა.

დიდ ბრიტანეთში ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთება უჭირთ. მხოლოდ დღეს 195 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. თებერვლის შემდეგ ყველაზე მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი დაფიქსირდა. რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა საფრანგეთსა და ესპანეთშიც.

იტალიაში საავადმყოფოები ზეწოლის ქვეშ არიან. მთავრობამ 50 წელს ზემოთ პირებისთვის აცრა სავალდებულო გახადა.

რთული ეპიდვითარების გამო შეერთებულ შტატებში გაურკვეველი ვადით გადაიდო გრემის დაჯილდოების ცერემონია.

შაბათიდან შეზღუდვებს ამკაცრებს ავსტრიაც. ქვეყანა ომიკრონის ტალღას ებრძვის. თავშეყრის ადგილებში ნიღბების ტარება სავალდებულო გახდა, კოვიდსერტიფიკატების მოქმედების ვადა 6 თვემდე განისაზღვრა. მთავრობა მოსახლეობას დისტანციური მუშაობისკენ მოუწოდებს.

კომპანია ფაიზერში კი 5 წლამდე ასაკის ბავშვებში კოვიდ ვაქცინის კლინიკური ცდის შედეგებს ელოდებიან - მათ შორის ბუსტერ დოზების გათვალისწინებით. შედეგებს მარტის ბოლოსთვის ვარაუდობენ.

 

ავტორი: თინათინ ცერცვაძე

დღის ამბები