28 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
ჩვენ ვაფასებთ აშშ-ის ინტერესს, რომ საქართველოს პოზიცია იყოს შესაბამისად ასახული მათ ორმხრივ დიალოგში რუსეთის ფედერაციასთან - დავით ზალკანიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ესაუბრა. დავით ზალკალიანმა და ვენდი შერმანმა განიხილეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, ასევე უკრაინის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, რუსეთის ფედერაციის მცდელობები საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეფერხების მიზნით.

დავით ზალკანიანის თქმით, საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა თანამედროვე ევროპული უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც გააგრძელებენ კონსულტაციებს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.

"ვისაუბრეთ იმ თემებზე, რომელიც იქნება აქტუალური ამერიკა-რუსეთს შორის დაგეგმილ დიალოგში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, პოზიციების შეჯერება. ჩვენ ვაფასებთ აშშ-ს ინტერესს, რომ საქართველოს პოზიცია იყოს შესაბამისად ასახული მათ ორმხრივ დიალოგში რუსეთის ფედერაციასთან. მათ შორის იმ მწვავე რიტორიკასთან მიმართებაში, რაც მომდინარეობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან NATO-ს გაფართოების საკითხთან დაკავშირებით და საერთოდ რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში. ჩემი მხრიდან  ხაზგასმული იქნა, რომ აუცილებელია ორმხრივი დიალოგის ფორმატში რუსეთის ფედერაციასთან ძალიან მკაფიოდ იყოს დაფიქსირებული მიუღებლობა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების. 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების, ასევე ძალის არ გამოყენების ვალდებულების აღებასთან მიმართებაში,"- აცხადებს დავით ზალკანიანი.

დღის ამბები