28 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა - უამინდობის გამო საქართველოს გზებზე შეზღუდვები მოქმედებს

თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა - საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში უამინდობაა. უხვი ნალექის გამო ჩაკეტილი გზების გაწმენდა მიმდინარეობს მაღალმთიან აჭარაში. ხეობაში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღემატება. ქედის, შუახევისა და ხულოს მაღალი ზონის სოფლებში ამ დროისთვის აჭარის საგზაო დეპარტამენტის 30-მდე მძიმე ტექნიკა მუშაობს. რაც შეეხება ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალს, გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტით.

თოვის და ლიპყინულის გამო აკრძალვები დაწესდა სვანეთისკენ მიმავალ გზაზეც. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გადაადგილება შეეზღუდა 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსებსაც. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს. უწყება მოუწოდებს მძღოლებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამინდის შესაბამისად, ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდა და საგზაო მოძრაობის აღდგენა.

დღის ამბები