28 ნოემბერი 2024,   01:30
ვრცლად
რა გახდა 19 წლის მშობიარის დაღუპვის მიზეზი - ოჯახი ანესთეზიური საშუალების ზედმეტ, ან უხარისხო დოზას ასახელებს და დამნაშავის დასჯას მოითხოვს

19 წლის სესილი ბუბუტეიშვილი საკეისრო კვეთიდან ორ კვირაში გარდაიცვალა. გარდაცვლილის დედა სიმართლის დადგენას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.

დედა დეტალურად იხსენებს, რომ მის შვილს საკეისრო კვეთა დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში გაუკეთეს და ის სამშობიარო ბლოკში შეყვანამდე კონტაქტური იყო. თეა ლატარია ამბობს, რომ ინფორმაციას შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არავინ აწვდიდა და მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ უთხრეს, რომ ნაოპერაციები სესილი ბუბუტეიშვილი რეანიმაციაში უნდა გადაეყვანათ.

გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი იმ სამედიცინო დოკუმენტშია დაფიქსირებული, რომელიც ოჯახს სამშობიაროში მისცეს, მასში წერია, რომ 19 წლის მშობიარეს ტვინი შეუშუპდა.

ოჯახისთვის სამედიცინო ცნობა საკმარისი არ არის და დამატებით კითხვები აქვთ - რატომ დამძიმდა ახალგაზრდა გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, ისინი არ გამორიცხავენ რომ შეცდომა ანესთეზიოლოგმა დაუშვა, გამოიყენა ზედმეტი დოზა ან პრეპარატი ვარგისი არ იყო.

სიმართლის დადგენას ელოდებიან იმ სამედიცინო დაწესებულებაშიც, სადაც სესილი ბუბუტეიშვილს საკეისრო კვეთა და სპინალური ანესთეზია გაუკეთდა. სიკვდილის გამომწვევ მიზეზებზე საუბარს ერიდებიან, კლინიკის ხელმძღვანელმა განმარტება მხოლოდ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და შემდგომ გართულებებზე გააკეთა.

ექიმის კომენტარს მალევე უპასუხა გარდაცვლილი გოგოს ოჯახმაც, სადაც კიდევ ერთხელ თქვეს, რომ სესილი ბუბუტეიშვილი სპინალურ ანესთეზიამდე სრულიად ჯანმრთელი იყო.

დაუშვა თუ არა ექიმმა შეცდომა, ან იკვეთება თუ არა სამედიცინო პერსონალის დაუდევრობა 19 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე, ამას შესაბამისი სამსახურები უკვე სწავლობენ. მოკვლევა დაიწყო ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომაც, მათ უკვე მიმართეს სასამართლოს შუამდგომლობით, რომ გარდაცვლილი გოგოს ისტორია დეტალურად შეისწავლონ.

საგამოძიებო პროცესში ჩართულები არიან სამართალდამცველი ორგანოებიც. ოჯახის მიმართვის საფუძველზე დაწყებულია გამოძიება, პოლიცია 19 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე გამოკითხავს პირებს, რომლებსაც შემთხვევის შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია შეიძლება ქონდეთ.

დღის ამბები