28 ნოემბერი 2024,   01:42
ვრცლად
შეძლებს თუ არა ენმ საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად საჭირო ხმების მოგროვებას - პარტია კოლეგებთან მოლაპარაკებებს მართავს

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის საჭირო ხმებს, "ნაციონალური მოძრაობა" კოლეგა ოპოზიციურ პარტიებში ეძებს. მორიგი კონსულტაციები დღეს "გირჩთან" და "მოქალაქეებთან" გაიმართა. მოლაპარაკებები ნაწილობრივ შედეგიანი აღმოჩნდა. "გირჩმა" საკუთარი 4 ხმის სანაცვლოდ, "ნაციონალურ მოძრაობას" წინაპირობა დაუყენა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მათგან ანალოგიურ მხარდაჭერას მიიღებს.

"მოქალაქეებს" პოზიცია არ შეუცვლიათ. ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერენ. ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში პარლამენტმა არამარტო, პატიმარ სააკაშვილთან არასათანადო მოპყრობის ფაქტები, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს მომხდარი ანალოგიური დანაშაულებებიც უნდა გამოიკვლიოს. კომისიის შექმნის ინიციატივას არც გახარიას გუნდის წევრები იზიარებენ.

ოპოზიციის ნაწილის მსგავსად, "ქართულ ოცნებაშიც" მიაჩნიათ, რომ დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნა არასწორია. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ კომისია სტანდარტული საგამოძიებო პროცედურების ალტერნატივა არ არის.

უპირობო არ არის ოპოზიციის იმ ნაწილის მხარდაჭერაც, ვინც დროებითი საგამოძიებო კომისიის ინიციატივას იზიარებს. პარტიების ნაწილში ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით სხვა თემებზე ანალოგიური კომისიების შექმნას მეტი პერსპექტივა ექნება.

დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის უპერსპექტივობაზე, თავიდანვე საუბრობდნენ მმართველ პარტიაში. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ კომისია მხოლოდ იმის დაადგენს, რომ მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტთან მიმართებაში, უფლებები არ დარღვეულა.

შეძლებს თუ არა, "ნაციონალური მოძრაობა" საჭირო 50 დეპუტატის მხარდაჭერას, ჯერჯერობით უცნობია, დეპუტატების ნდობის მოსაპოვებლად, "ნაციონალურ მოძრაობას" დაახლოებით 1 თვე აქვს.

დღის ამბები