28 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
დაბადების დღის წვეულება თუ არასრულწლოვნებს შორის ნიშნობა კასპში - დადგება თუ არა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა

კასპის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ამ დრომდე არკვევენ, დანიშნა თუ არა მოსწავლემ თანასკოლელი. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, სადღესასწაულოდ მორთულ სუფრასთან ერთად, კარგად ჩანს ბეჭდების გაცვლის შემდეგ შესრულებული პირველი ცეკვა და სტუმრების მილოცვები.

მოზარდი გოგონას მამა შვილის სავარაუდო ნიშნობას არ დასწრებია. მისთვის სოციალურ ქსელში ნანახი ვიდეოც და ამბავიც დაუჯერებელია. დარწმუნებულია, რომ ყოფილი მეუღლე შვიდწლიანი განშორების მიუხედავად, საკუთარი შვილის ნიშნობას არ დაუმალავდა.

მამისგან განსხვავებით, ვიდეოზე ასახულ მნიშვნელოვან დღეს, გოგოს დედასთან ერთად, ოჯახის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ. მათ შორის 15 წლის მოზარდის პედაგოგი ბებია და სკოლის დირექტორი ბაბუა. მეცხრეკლასელი გოგო, სავარაუდოდ, სწორედ მათი თანდასწრებით დანიშნეს.

სოფელში ნიშნობის სავარაუდო ფაქტს არ ადასტურებენ. დღეს ოჯახის ახლობლების ნაწილისთვის აღშფოთების მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ სადღესასწაულო სუფრაზე არ დაპატიჟეს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ნიშნობის უტყუარი მტკიცებულებაა გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ოჯახის მხრიდან კი, ფაქტის უარყოფა მათთვის დანაშაულის დაფარვის მცდელობაა.

საკითხის შესწავლა საგამოძიებო ორგანოს უკვე დაწყებული აქვს. საქმეში ჩაერთო სოციალური მუშაკიც.

მთავარ კითხვას, თუ რა მოხდა 4 იანვარს კასპის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. მანამდე კი, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ოჯახზე შესაბამის მონიტორინგს განაგრძობს.

დღის ამბები