28 ნოემბერი 2024,   00:42
ვრცლად
დროებითი საგამოძიებო კომისია სტანდარტული საგამოძიებო პროცედურების ალტერნატივა არ არის - მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნას უმრავლესობის ლიდერები გამოეხმაურნენ. მმართველს გუნდი  საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგი არ არის, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" აღნიშნული კომისიის შექმნისთვის საჭირო ხმების რაოდენობა არ აქვს. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძეს მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ აღნიშნული კომისიის შექმნით რელევანტური და სწორი მექანიზმი არ აირჩია.  

"საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე კონსულტაციების დაწყება ოპოზიციის რიგებში, ამაში უცნაური არაფერია და გასაგებია, მათი გეგმა ასეთია. მე პირადად მაქვს ჩემი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ასეთი ტიპის საკითხებზე არ მგონია სწორი, რომ ყოველ ჯერზე საგამოძიებო კომისია იქმნებოდეს. რამდენიმე მიზეზით და არგუმენტით ვამბობ ამას და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ საპარლამენტო კონტროლის ისეთი მექანიზმი, როგორიც არის დროებითი საგამოძიებო კომისია, არ არის ალტერნატივა სტანდარტული საგამოძიებო პროცედურების,"- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იორთანაშვილი კი ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" შეძლო პარლამენტი ყოფილიყო მრავალპარტიული, თუმცა ოპოზიცია ამას გონივრულად ვერ იყენებს. 

"საპარლამენტო საქმიანობის მხრივ "ქართულმა ოცნებამ" უზრუნველყო ერთი ის, რომ საქართველოს პარლამენტში მრავალპარტიული წარმომადგენლობა ყოფილიყო და მეორე ის, რომ ოპოზიციას ჰქონოდა ქმედითი და ძლიერი ინსტრუმენტები საპარლამენტო საქმიანობაში ჩასართავად,"- აცხადებს რატი იორთანაშვილი.  

დღის ამბები