28 ნოემბერი 2024,   01:28
ვრცლად
ნიშნობა არასრულწლოვნებს შორის თუ ბეჭედი დაბადების დღის საჩუქრად - ახალი დეტალები კასპში მომხდარის შესახებ

კასპში არასრულწლოვნების სავარაუდო ნიშნობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ერთ-ერთ სოფელში 15 წლის გოგონა სავარაუდოდ, სკოლის დირექტორი ბაბუის თანდასწრებით დანიშნეს.

"კურიერი" ცოტა ხნის წინ  მეცხრეკლასელი გოგონას მამას ესაუბრა. ზაჰირ ალიოღლი ამბობს, რომ მას 7 წელია საკუთარ შვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია, მას შემდეგ, რაც ყოფილ მეუღლეს გაშორდა. მოზარდი გოგონას მამა ამბობს, რომ მისი ქალიშვილი ყოფილ მეუღლესთან იზრდება.

თუმცა, ზაჰირ ალიოღლის თქმით, თუ ეს ნიშნობა იქნებოდა, მას ყოფილი მეუღლე ფაქტის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიდა.  

"ნიშნობა რომ ყოფილიყო, მე აუცილებლად დამიძახებდნენ. წესით და კანონით არის, რომ მამა და დედა უნდა იყოს," - ამბობს ზაჰირ ალიოღლი.

გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებენ გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ისინი ამბობენ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ეჭვს არ იწვევს, რომ ეს იყო ნიშნობა და არა დაბადების დღე.

არასამთავრობო ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელის, ანა აბაშიძის თქმით, საქმეში შესაძლოა რამდენიმე სისხლის სამართლის დანაშაულიც იკვეთებოდეს.

"შესაძლებელია, რამდენიმე სისხლის სამართლის დანაშაულზე გვქონდეს ეჭვი და გამოძიებამ უნდა გვითხრას, მოხდა თუ არა რომელიმე მათგანი. მათ შორის, ხომ არ არიან ბავშვები ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. აბსოლუტურად სხვა დანაშაულია ქორწინების იძულება. შესაძლებელია, ჩადენილია სხვა დანაშაული, რომელიც 16 წელს მიუღწეველთან კავშირს კრძალავს და ა.შ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამაზე პასუხები სახელმწიფომ უნდა გაგვცეს," - აცხადებს ანა აბაშიძე.

ფაქტს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში გამოეხმაურნენ. გავრცელებულია განცხადებაც, სადაც ნათქვამია, რომ საქმეზე მუშაობის პროცესში უკვე ჩაერთო სოციალური მუშაკი და შეფასდა არასრულწლოვნის ფსიქოემოციური მდგომარეობაც. მოზარდი ბიოლოგიურ ოჯახში რჩება.

 

 

 

 

 

დღის ამბები