28 ნოემბერი 2024,   01:28
ვრცლად
სტრატეგიული პარტნიორის დიპლომატიური მისიის მკაცრი შეფასება - რა რეაქცია მოჰყვა აშშ-ის საელჩოს განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფიდან 5 დღის შემდეგ ამერიკის საელჩომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. ლონდა თოლორაიას უწყების გაუქმებასთან ერთად, საელჩოს კრიტიკის ობიექტში საერთო სასამართლოების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები და უზენაეს სასამართლოში კიდევ ერთი მოსამართლის დანიშვნაც მოხვდა. განცხადებაში წერია, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს.

მმართველი პარტიისთვის ამერიკის საელჩოს განცხადება არაერთ უზუსტობას მოიცავს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ საელჩოს განცხადების მიზეზი კომუნიკაციის გარკვეული პრობლემაც ყოფილიყო, ამბობს, რომ მსგავსი შინაარსის შეფასებები აზიანებს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ.

ირაკლი კობახიძისგან განსხვავებით, მმართველი პარტიის ოპონენტები ამერიკის საელჩოს განცხადების შინაარსს იზიარებენ. ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" მსგავსი გადაწყვეტილებებით აზიანებს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ოპოზიცია კრიტიკულად აფასებს იმასაც, რომ ცვლილებები კანონში დაჩქარებული წესით შევიდა.

როგორც ოპოზიციის, ასევე დასავლელი პარტნიორის მხრიდან წამოსული კრიტიკა, გაუგებარი და უარგუმენტოა "ქართული ოცნებისთვის". მმართველ პარტიაში დღეს თქვეს, რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს საფრთხე არ ემუქრება.

30 დეკემბერს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა, მის ნაცვლად კი ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება. ამავე დღეს, პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა საერთო სასამართლოების შესახებ კანონშიც.

დღის ამბები