ბრიტანეთის ელიტარული წრის წარმომადგენელ გილენ მაქსველს, რომელიც მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა როგორც მილიარდერი პედოფილის, ჯეფრი ეფშტეინის მეგობარი ქალი, ნიუ-იორკის სასამართლომ 5 ბრალდება წარუდგინა, მათ შორის არის არასრულწლოვნების ტრეფიკინგი - მაქსველი პატარა გოგონებს ითანხმებდა, ეფშტეინის სექსუალურ ორგიებში მიეღოთ მონაწილეობა.
ჯეფრი ეპშტეინი საკუთარ საკანში გარდაცვლილი 2019 წელს იპოვეს, მილიარდერი სასამართლო პროცესის დაწყების მოლოდინში იყო. 66 წლის ეფშტეინს არასრულწლოვნებით სექსუალურ ვაჭრობასა და მოწმეების მოსყიდვაში ადანაშაულებდნენ. ის სამართალდამცველებმა ნიუ-იორკში დააკავეს და 45 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა.
მაქსველის დაცვის მხარემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებული "განტევების ვაცია". ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადებიან.
ვინ არის გილენ მაქსველი?
მაქსველი 1961 წელს დაიბადა, მედიამაგნატის, რობერტ მაქსველის ოჯახში. თავად რობერტ მაქსველის გარდაცვალება საიდუმლოებით არის მოცული - ის საკუთარ მდიდრულ იახტაზე გარდაიცვალა, 1991 წელს. მასთან დაახლოებული პირი, როი გრინსლეიდი ჰყვება, რომ მაქსველი ოჯახის წევრებს სასტიკად და დაუნდობლად ექცეოდა, თუმცა გილენთან შედარებით რბილი ურთიერთობა ჰქონდა.
"ის მონსტრი მამა იყო, მთელ ოჯახს სასტიკად ექცეოდა, მაგრამ 9 შვილიდან ყველაზე პატარას სხვებზე მეტად ინდობდა," - ამბობს გრინსლენდი.
1991 წელს, რობერტ მაქსველის გარდაცვალების შემდეგ გამოძიებამ დაადგინა, რომ სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ მან საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო თავი მოიკლა.
მამის გარდაცვალების შემდეგ გილენ მაქსველი საცხოვრებლად აშშ-ში გაემგზავრა. მისი ცხოვრება საჯარო გახდა და ხშირად ჩნდებოდა ცნობილ ადამიანებთან ერთად - უმეტესად იმ პირებთან, ვინც პოლიტიკასთან იყვნენ კავშირში.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მაქსველი მიწვეული იყო აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჩელსი კლინტონის ქორწილში. მას, ასევე, 2000 წელს გადაღებული აქვს ფოტო დონალდ ტრამპთან და მის მომავალ ცოლთან, მელანიასთან ერთად, ფოტოზე, ასევე, არის ჯეფრი ეფშტეინიც.
მაქსველი ჩანს ცნობილ ფოტოზეც ბრიტანეთის პრინც ენდრიუსთან ერთად, სადაც პრინცი არასრულწლოვან ვირჯინია რობერტსთან ერთად ჩანს. რობერტსი ამტკიცებს, რომ ჯეფრი ეფშტეინი მას აიძულებდა, მის მეგობრებთან ჰქონოდა სექსი და მათ შორის იყო დედოფალ ელისაბედის შვილიც. პრინცი ენდრიუ უარყოფს მის განცხადებას და ვერ იხსენებს, როდის გადაიღო ფოტო ვირჯინია რობერტსთან ერთად. თუმცა, გამოძიება გრძელდება და საქმის ეპიცენტრში, სულ მალე, შესაძლოა, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელიც აღმოჩნდეს. Channel 4-ის მასალების მიხედვით, ვირჯინია ერთ-ერთი იყო იმ ცხრა გოგონას შორის, ვისთანაც პრინცს სექსი ჰქონდა.
მაქსველი და ეფშტეინი ერთმანეთს 1990-იან წლებში დაშორდნენ, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. მაქსველის სახელი გახმაურდა გასულ წელს, გამოძიების მიერ მოპოვებულ მასალებში, რომლის მიხედვით ის ეფშტეინსა და სხვა ცნობილი ადამიანებისთვის არასრულწლოვან გოგონებს პოულობდა.
"1994-1997 წლებში მაქსველს ეპშტეინთან ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა, ასევე, ფინანსისტი მას უხდიდა თანხას, რომ მისი სხვადასხვა ქონება ემართა", - ნათქვამია მასალებში.
2003 წელს ინტერვიუში ეპშტეინმა განაცხადა, რომ მაქსველი მისი საუკეთესო მეგობარი იყო.
ფინანსისტის დაკავების შემდეგ გილენ მაქსველი საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა, ის 2020 წლის ივლისში დააკავეს.
სასამართლო ნიუ-იორკში გაიმართა. მის წინააღმდეგ ჩვენება ოთხმა ქალმა მისცა.
ჯუნი, რომელმაც ჩვენება ფსევდონიმით მისცა, ამბობს, რომ მაქსველი ორგანიზებას უწევდა სექსუალური სახის მასაჟებს ეპშტეინისთვის და დროდადრო თავადაც უერთდებოდა სექსუალურ ძალადობას. გოგონებს თავად მაქსველი პოულობდა და ტრანსპორტირებასაც ის უზრუნველყოფდა.
კეროლინმა, რომლის გვარიც საჯაროდ ცნობილი არ არის, სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ 14 წლის იყო, როდესაც მაქსველი მას სხეულზე შეეხო და უთხრა, რომ ეფშტეინისთვის და მისი მეგობრებისთვის იდეალური სხეული ჰქონდა. ბავშვების სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდება, რომელიც ბრალდებებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია, მის ჩვენებაზეა დაფუძნებული.
კიდევ ერთმა დაზარალებულმა, ქეითმა განაცხადა, რომ გილენ მაქსველმა ის თავისთან მიიწვია და მისცა მითითებები, როგორ უნდა გაეკეთებინა ეფშტეინისთვის სექსუალური მასაჟი. ამასთან, ქალმა გოგონას სთხოვა, მისი მეგობრებიც მოეწვია ფინანსისტის სექსუალური სურვილების დასაკმაყოფილებლად.
ენი ფარმერმა საკუთარ ჩვენებაში აღნიშნა, რომ 16 წლის იყო, როდესაც ეფშტეინის ნიუ-მექსიკაში მდებარე რანჩოში მას სექსუალური ხასიათის მასაჟი გაუკეთა.