გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ახალსოფელში, ტყუპი ძმის მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცი დუმილის უფლებას იყენებს - ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა "კურიერთან" განაცხადა. მარიამ ინდუაშვილის თქმით, ძმები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, ურთიერთშელაპარაკების შედეგად კი ძმამ ძმას სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა.
ადვოკატის ინფორმაციით, მოტივი, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მოეკლა თავისი ტყუპისცალი ძმა, არის აბსოლუტურად აბსურდული.
"იგი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, გამოიყენა დუმილის უფლება. აშკარად ადგილი აქვს უბრალოდ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მისი მოტივი, რომ მოეკლა თავისი ტყუპისცალი, ეს არის ყოვლად აბსურდული,"- აცხადებს მარიამ ინდუაშვილი.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.