28 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
რეკორდი ინფიცირებულების რაოდენობით და წითელ ზონად გამოცხადებული ევროპა - ახალი შტამის გავრცელების მაჩვენებელი უპრეცედენტო მასშტაბებს უახლოვდება 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ინფიცირებულთა რაოდენობით, ბოლო კვირის განმავლობაში ყველა რეკორდი მოხსნა. დღესასწაულების გამო, ვირუსის შემთხვევები გაორმაგდა. ინფიცირებულებს შორისაა პენტაგონის ხელმძღვანელიც. "ომიკრონის" სწრაფად გავრცელების გამო, ქვეყნის მასშტაბით ასობით საჰაერო რეისი გაუქმდა.

შეერთებული შტატების მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ
ქვეყანაში ახალი შტამის გავრცელების მაჩვენებელი, უპრეცედენტო მასშტაბებს მიუახლოვდა.

"ჩვენ ინფიცირების შემთხვევების ძალიან ძლიერ ტალღაში ვართ. დიდი ხანია ვსაუბრობთ რომ თუ აცრილი ხართ, უნდა გაიკეთოთ ბუსტერი. იყავით ფრთხილად, ატარეთ ნიღბები. ასე შევძლებთ "ომიკრონის" ტალღის შემცირებას. შემთხვევების ზრდა ნამდვილად უპრეცედენტოა. ყველაფერს გასცდა, რაც აქამდე გვინახავს. არსებობს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლების ზრდის საშიშროება, მიუხედავად იმისა, რომ ადრეული მონაცემები "ომიკრონის" ნაკლებ სიმძიმეზე მიუთითებენ,"- აცხადებს ალერგიისა და ინფექციური პათოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი.

საფრანგეთმა კი შეერთებული შტატები წითელ სიაში შეიყვანა, რაც შტატებიდან არავაქცინირებული პირებისთვის 10 დღიან სავალდებულო კარანტინს გულისხმობს. ვირუსის ახალი ვარიანტის დრამატულად გავრცელების გამო, ევროპა პანდემიის წითელი ზონაა.

ინფექციისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები გაზრდილია ავსტრალიაშიც. ქვეყნის პრემიერის გადაწყვეტილებით, მოსახლეობას სწრაფი ტესტით უფასოდ უზრუნველყოფენ.

ისრაელი კი, 60 წელს გადაცილებულ პირებსა და სამედიცინო პერსონალს ვაქცინის მე-4 დოზას სთავაზობს. წინა კვირასთან შედარებით, ქვეყანაში ინფიცირება გაორმაგებულია.

შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, არაბთა გაერთიანებული საემიროები არავაქცინირებულ პირებს, საზღვარგარეთ გამგზავრებას აუკრძალავს. გარდა ამისა, მოგზაურობისთვის ორი დოზით აცრა საკმარისი არ იქნება და მსურველები ვალდებულები იქნებიან ბუსტერ დოზაც გაიკეთონ.

დღის ამბები