28 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
რამდენიმე დღე ომიკრონის მასობრივ გავრცელებამდე - სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დღეში 20 ათასამდე ადამიანი დაინფიცირდება

​კორონავირუსის ახალი შტამის მასიურ გავრცელებას სპეციალისტები უახლოეს დღეებში ელოდებიან. მათი ვარაუდით, შესაძლებელია, დღიურად 20 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდეს. ომიკრონის ბუნებიდან გამომდინარე, იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე არც საველე ჰოსპიტლების საჭიროებას გამორიცხავს.

კვლევები აჩვენებს, რომ ომიკრონი აქამდე არსებულ სხვა შტამებთან შედარებით, მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს, თუმცა, ექიმების განცხადებით, ყველა შემთხვევა მაინც ინდივიდუალურია. საყურადღებო კვლავ რისკჯგუფში შემავალი არავაქცინირებული პაციენტები არიან.

მძიმე პაციენტების 96% სწორედ არავაქცინირებულია და ჰოსპიტალური რესურსის დიდი ნაწილიც მათ მკურნალობაზე მოდის. დევი ტაბიძის თქმით ვაქცინა მნიშვნელოვნად ამცირებს მდგომარეობის დამძიმებას.

იქნება თუ არა ომიკრონი პანდემიის დასასრულის დასაწყისი, ეს ისევ მოქალაქეების სოციალურ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაციის ტემპი არ მოიმატებს, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურებაზე საუბარი ნაადრევი იქნება.

საქართველოში ომიკრონის უკვე 147 შემთხვევა ლაბორატორიულად დაფიქსირდა. თუმცა ჯანდაცვის ექსპერტების ვარაუდით, ამ შტამით ინფიცირების ფაქტები რეალურად ბევრად მეტია და უახლოეს დღეებში ეს ოფიციალურ სტატისტიკაშიც გამოჩნდება.

დღის ამბები