28 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
ვინ დგას საბერძნეთში ქართველი "კანონიერი ქურდის" მკვლელობის უკან? - წერილი, რომელიც სავარაუდოდ სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი გახდა

საბერძნეთის პოლიცია ამ დრომდე ეძებს ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის მკვლელობაში ეჭვმიტანილს. სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ბერძნულმა მხარემ ქართველ სამართალდამცავ ორგანოებსაც მიმართა.

საბერძნეთის პოლიცია არკვევს მკვლელობასთან დაკავშირებული პირების ვინაობას და დანაშაულის მოტივს.

მკვლელობასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთ ვერსიად ანგარიშსწორება და შურისძიება სახელდება. "კურიერმა" რამდენიმე დეტალი გაარკვია, მათ შორის, თუ რას უკავშირდება შურისძიება.

როგორც ირკვევა, რამდენიმე თვის წინ საბერძნეთში ჩატარდა შეკრება, სადაც უნდა განეხილათ კონკრეტული პირების ე.წ. ქურდული სტატუსი. იქ იმყოფებოდა "კანონიერი ქურდის" შაქრო კალაშოვის გარემოცვის წევრი ვაჟა ბიგანიშვილი, რომელმაც ხმამაღლა თქვა, რომ შეკრების არცერთ მონაწილეს ე.წ. კანონიერ ქურდად არ აღიარებდა და მეტიც, შურისძიებითაც დაიმუქრა.

ვრცელდება ასევე კიდევ ერთი ვერსია, რომელიც შესაძლოა მკვლელობის უკან იდგეს. ეს არის ჩეჩნური დაჯგუფება, კერძოდ კი, აჰმედ დომბაევი. როგორც "კურიერმა" გაარკვია, მოკლულმა ხელი მოაწერა წერილს, სადაც სხვადასხვა პირები საუბრობდნენ, რომ დომბაევს  ე.წ. კანონიერ ქურდად არ აღიარებდნენ.

კონკრეტულად კი, რა იყო ქართველი "კანონიერი ქურდის" მკვლელობის მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს.

გარდა ამისა, შოთა თევდორაძეს მეზობლები დადებითად ახასიათებენ.

"საოცარი, უკეთილშობილესი ბიჭი იყო ამ ქუჩაზე. მესამე საშუალო სკოლაში სწავლობდა, იყო ფრიადოსანი, მერე წავიდა... სხვა არაფერი ვიცი, ამბავი ტელევიზორით გავიგე," - განაცხადა მოკლულის მეზობელმა.

"კაპიკებზე და მილიონებზე არ შეირცხვენდა ის თავს. ესენი არიან სიმართლის ხალხი. მე არ მსმენია ის "ქურდი" იყო, პოდზაკონნი იყო, თუ რა იყო..." - ამბობს მოკლულის კიდევ ერთი მეზობელი.

ცნობისთვის, ქართველი "კანონიერი ქურდი", 41 წლის შოთა თევდორაძე ცეცხლსასროლი იარაღით საბერძნეთში მოკლეს. თავდამსხმელმა თევდორაძეს ცეცხლი 5 წლის ბავშვის თვალწინ გაუხსნა.

დღის ამბები