28 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
მინდა განსაკუთრებული პატივისცემით მივულოცო ახალი წელი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ემიგრანტებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, ახალგაზრდობას, უფროს თაობას - ირაკლი ღარიბაშვილი
მინდა განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით მივულოცო ახალი წელი ჩვენი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ყველა ექიმს, ექთანსა თუ დამხმარეს, ხალხს, ვინც, პირდაპირი მნიშვნელობით, დღეს და ღამეს ასწორებს და მუხლჩაუხრელად, უშიშრად, გმირულად ემსახურება ჩვენს ხალხს, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას ამ რთულ პერიოდში, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საახალწლო მილოცვაში აღნიშნავს.

პრემიერ-მინისტრმა ახალი წელი მიულოცა ემიგრანტებს, ჯარისკაცებს, ყველა საჯარო მოხელეს, ახალგაზრდობასა და უფროს თაობას.

„ახალი წელი მინდა მივულოცო ყველას, ვინც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც ჩვენთან ერთად აღნიშნავს ამ დღესასწაულს. მინდა აქედან მივესალმო ჩვენს ძვირფას ემიგრანტებს და ვისურვო, რომ მალე დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს, საკუთარ სამშობლოს.
განსაკუთრებულად ვულოცავ ახალ წელს ჩვენს საამაყო პოლიციელებს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, ჩვენს ოფიცრებს, მათ, ვინც თავდადების მაგალითს აძლევს მომავალ თაობებს.
ახალ წელს ვულოცავ ყველა საჯარო მოხელეს, ყველა მშრომელ ადამიანს, ვისი ყოველდღიური კეთილსინდისიერი საქმითა და შრომით არის შესაძლებელი ჩვენი სახელმწიფოს წარმატება და გაძლიერება.
 
ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდობას, არაჩვეულებრივ, პროგრესულ, ნიჭიერ თაობას და ბევრ წარმატებას ვუსურვებ ცხოვრების გზაზე. ვულოცავ ჩვენს პროფესორ - მასწავლებლებს, ჩვენი ახალგაზრდობის აღმზრდელებს და ვპირდები,  მომავალშიც გავაგრძელებთ მათი შრომის უფრო მეტად დაფასებას და მე ვისურვებდი, ბევრი სიხარული და ბედნიერება მოეტანოს მათთვის ამ ახალ წელს.
 
დიდი მოწიწებით ვულოცავ ჩვენს უფროს თაობას, ჩვენს პენსიონერებს, ვეტერანებს, მხნეობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ მათ. ჩვენი ვალია ვიზრუნოთ მათზე და ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ ამისთვის.
 
ახალი წელი და მომავლის იმედი გვაძლევს რწმენას და ძალას, რათა  უფრო მეტი შემართებით, თავდადებით, გულწრფელობითა და სიყვარულით ვემსახუროთ ჩვენს ძვირფას სამშობლოს!“ , - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
დღის ამბები