საქართველოში 2022 წელი სულ რამდენიმე საათში შემოაბიჯეს, თუმცა ახალი წელი უკვე იზეიმა რამდენიმე ქვეყანამ! მათ შორისაა ავსტრალია. ზუსტად ერთი საათის წინ დღესასწაული გრანდიოზული ფოიერვერკით აღნიშნეს სიდნეიში. ოპერის თეატრთან თვალისმომჭრელი სანახაობა გაიმართა.
ეს მსოფლიოსთვის მეორე პანდემიური ახალი წელია. ქვეყნებს საახალწლო ღონისძიებებზე ისევ რეგულაციების დაცვა უწევთ. გამონაკლისი არც ავსტრალიაა, სადაც ფოიერვერკის სანახავად სპეციალური ბილეთი 87 ათასმა ადამიანმა შეიძინა. მათ ნიღბის ტარება უწევთ, არავაქცინირებულ მოქალაქეებს ურჩიეს სახლში დარჩენილიყვნენ.
იქამდე ახალი წელი იზეიმეს ახალ ზელანდიაში, კირი-ბატზე, სამოასა და აღდგომის კუნძულზე. 2022 წლის დადგომა ოკლენდში გრანდიოზული ფოიერვერკით აღნიშნეს, ულამაზესი შოუ ათ წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა.
შთამბეჭდავი სანახაობის ტრადიციას არ უღალატებენ დუბაიშ, ბურჯ-ხალიფას ცათამბჯენთან წელს ლაზერების შოუ გაიმართება.
საახალწლო გეგმებზე რამდენიმე ქვეყნის შემთხვევაში პანდემიამ გავლენა იქონია, მაგალითად გერმანიის და ჩეხეთის ქალაქებში ხალხმრავალ შეკრებებზე შეზღუდვებია, აკრძალულია პიროტექნიკის გამოყენებაც. არ გაიმართება საახალწლო ღონისძიებები ლონდონის ტრაფალგარის მოედანზეც, თუმცა ოთხწლიანი პაუზის შემდეგ პირველად დარეკავს ბიგ-ბენის ზარი, აქ სარემონტო სამუშაოები ტარდებოდა.
საზეიმო კონცერტზე დასწრების უფლება მხოლოდ ვაქცინირებულმა მოქალაქეებმა მიიღეს ნიუ-იორკის "თაიმ სქვერზე". ყველაზე გვიან 2022რ წელს "ბეიკერისა და ჰოუ-ლენდის" კუნძულებზე იზეიმებენ.