28 ნოემბერი 2024,   02:53
ვრცლად
რიგით მე-6 სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გვარი ფიგურირებს - შეთქმულების ფაქტზე უახლოეს პერიოდში მიხეილ სააკაშვილს დაკითხავენ

ექსპრეზიდენტის სრულად გამოჯანმრთელებას სუსი ელოდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიხეილ სააკაშვილთან კითხვები ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების საქმეზე აქვს.

ეს რიგით მე-6 სისხლის სამართლის საქმეა, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გვარი ფიგურირებს.

სუსის ხელმძღვანელმა "ღამის კურიერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მთავარი ობიექტიც ახსენა.

პირდაპირ არ დაუსახელებია, თუმცა მიანიშნა, რომ ხელისუფლების დამხომის მიზნით შეთქმულების ფაქტზე უახლოეს პერიოდში მიხეილ სააკაშვილს დაკითხავენ. გრიგოლ ლილუაშვილმა თქვა ისიც, რომ ექსპრეზიდენტის გარდა გამოძიება სხვა პირებითაც მალე დაინტერესდება.

სამართლებრივ შეფასებას საქმეზე არ აკეთებენ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები. ექსპრეზიდენტის დაცვის მხარე კონკრეტულ საქმეს არასერიოზულად აღიქვამს.

შეთქმულების საქმეს, რომელიც კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე აღიძრა და რომელზეც არაერთი პირი უკვე დაიკითხა, გამოგონილს უწოდებენ მიხეილ სააკაშვილის პარტიაშიც.

საგამოძიებო მოქმედებებს კონკრეტული ლიდერების მიმართ არ გამორიცხავენ "ქართულ ოცნებაში". ასეთ განცხადებებს უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელები აკეთებენ, რომლებიც აქცენტს სუსის კომპეტენტურობაზე აკეთებენ.

სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების საქმეზე გამოძიება 315-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც სასჯელის სახით 5-იდან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, საქმის ფიგურანტები მისი გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლას აპირებდნენ, კერძოდ გზების ბლოკირებას და მსგავს ქმედებებს, რომლის მიზანიც სამსახურის მტკიცებით, ქვეყანაში უკონტროლო სიტუაციის გამოწვევა იყო.

დღის ამბები