28 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად - პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო 

2 დღიანი ხანგრძლივი და კრიტიკული განხილვების შემდეგ პარლამენტმა "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებები დაამტკიცა. კანონად ქცეული დოკუმენტის მიხედვით, ინსპექტორის სამსახური უქმდება და მის ნაცვლად 2 ახალი - სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები შეიქმნება. სამსახური მუშაობას 2022 წლის 1-ელი მარტიდან შეწყვეტს.

ცვლილებებს მხოლოდ "ქართული ოცნების" მხარდაჭერა აქვს. მთავარი კრიტიკა, რომელიც ხელისუფლების ოპონენტებისგან ისმოდა, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას უკავშირდებოდა. ოპოზიცია ასევე ამბობს იმასაც, რომ საკანონმდებლო ცვლილება ლონდა თოლორაიას წინააღმდეგაა მიმართული.

"უკიდურესად უარყოფითი შეფასებები მოჰყვა ამას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან და სამწუხაროდ, ამ ყველაფრის ფასს გადავიხდით თითოეული ჩვენთაგანი, იმიტომ, რომ ეს არის კიდევ ერთი სიგნალი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ მათ არ აინტერესებთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების აზრი," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

დაჩქარებულ რეჟიმზე აქვს პრეტენზია "მოქალაქეების" ლიდერ ლევან იოსელიანსაც.

"ეს არ უნდა ყოფილიყო დაჩქარებულ რეჟიმში გაკეთებული იმისთვის, რომ არასამთავრობო სექტორს, ოპოზიციას ჰქონოდა სრულფასოვანი შესაძლებლობა, რომ 300-მდე მუხლი, რომელიც წარმოდგენილი იყო, განხილულიყო და რეალური დებატები გამართულიყო," - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ კანონპროექტი ევროპული პრაქტიკის შესაბამისად მიიღეს.

"ძალიან ბევრი სპეკულაცია და მითი მოვისმინეთ, რასაც დავუპირისპირეთ კონკრეტული არგუმენტები, ევროპული პრაქტიკა და ასევე სტრასბურგის სასამართლოს ღირებულებები, თუ როგორ ხდება ინსტიტუციების მოწყობა, მივიღეთ ისეთი მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს დამოუკიდებელი ინსტიტუციების გამართულად მუშაობას და ფუნქციების სწორად გადანაწილებას,"- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

"ქართული ოცნების" წევრი გურამ მაჭარაშვილი კი მიიჩნევს, რომ ის ფუნქციები, რომელიც ამჟამად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შედის, კიდევ უფრო განვითარდება და ეფექტიანი გახდება:

"უფრო ეფექტური იქნება ინსტიტუციურად განვითარდება ის ფუნქციები, რაც არის ახლა თავმოყრილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. გამომდინარე აქედან, ვფიქრობთ, რომ ეს რეფორმა საბოლოო ჯამში ორი თვის თავზე დაიწყებს უკვე ფუნქციონირებას," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები