28 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
სად შეიძენთ ულიმიტო აბონემენტს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის და შეძლებთ თუ არა საბანკო ბარათით მგზავრობას 1-ლი თებერვლის შემდეგ

1-ლი თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სააბონემენტე სისტემა ამოქმედდება. სად და როგორ იქნება შესაძლებელი ულიმიტო აბონემენტის ყიდვა - ამის შესახებ "რუსთავი 2" ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, ვიქტორ წილოსანს ესაუბრა.

ვიქტორ წილოსანის ინფორმაციით, ულიმიტო აბონემენტისთვის სპეციალური, ახალი ბარათები დამზადდება, რომლის ყიდვაც როგორც მეტროში, ისე "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალებში იქნება შესაძლებელი. მოქალაქეს, რომელიც ერთხელ შეიძენს სააბონემენტე ბარათს, შეეძლება სურვილისამებრ, სასურველი ვადით ჩართოს ულიმიტო მომსახურება, მეტროსა თუ "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალებში.

მისივე ინფორმაციით, უკვე არსებული სისტემა, რომელიც "მეტრომანებითა" და საბანკო ბარათებით მგზავრობის ღირებულების გადახდას გულისხმობს, ძალაში დარჩება, თუმცა, მხოლოდ ერთჯერადი მგზავრობისთვის. "მეტრომანსა" და საბანკო ბარათზე ულიმიტო აბონემენტის მომსახურებას ვერ გაიაქტიურებთ.

ამასთან, როგორც ვიქტორი წილოსანი ამბობს, იმ ავტობუსებში, სადაც ჯერ კიდევ არის ნაღდი ფულით ბილეთის აღება შესაძლებელი, ეს ფუნქციები შენარჩუნდება, თუმცა, მგზავრობის ღირებულების გადახდა, ეტაპობრივად, მთლიანად ელექტრონულ მოდელზე გადავა.

როგორც ვიქტორ წილოსანმა აღნიშნა, სააბონემენტე ბარათები პერსონიფიცირებული არ იქნება და მისი გამოყენება სხვადასხვა ადამიანსაც შეეძლება. მაგალითად, თუ თქვენი ოჯახის წევრი შეიძენს 1 წლიან ულიმიტო აბონემენტს, მისით სარგებლობას თქვენც შეძლებთ. 

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, სააბონემენტე ბარათების ანგარიშის შევსება ონლაინაც იქნება შესაძლებელი, თუმცა, სისტემა დახვეწის პროცესშია და შესაძლებელია, მისი ამოქმედება მხოლოდ თებერვლის ბოლოს გახდეს შესაძლებელი. 

შეგახსენებთ, რომ 1-ლი თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სააბონემენტე სისტემა ამოქმედდება და მოქალაქეებს 1 დღიანი (3 ლარი), 1 კვირიანი (20 ლარი), 1 თვიანი (40 ლარი), 3 თვიანი(100 ლარი), 6 თვიანი(150 ლარი) და 1 წლიანი(250) ულიმიტო აბონემენტების ყიდვა შეეძლებათ; ერთჯერადი მგზავრობის საფასური კი, 90 წუთის განმავლობაში, 1 ლარი იქნება. სისტემა იმოქმედებს როგორც მეტროსა და ავტობუსში, ისე მიკროავტობუსებში. 

დღის ამბები