28 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
ხელისუფლების დამხობის საქმეზე ერთ-ერთი დასაკითხი, მთავარი ობიექტი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება - გრიგოლ ლილუაშვილი სააკაშვილზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა "ღამის კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში იმ გამოძიებაზე ისაუბრა, რომელსაც უწყება ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე აწარმოებს.

"ამ საქმეში სახეზე გვაქვს ყველა ის ქმედება და ნაბიჯი, რომელიც საბოლოოდ ლოგიკურად უნდა დასრულებულიყო ხელისუფლების დამხობით შეთქმულების გზით. ჩვენ გამოვაქვეყნეთ ფარული მიყურადების ნაწილი სადაც აშკარად საუბრობენ სწორედ ამ გზაზე. ლოგიკურად დასრულებულიყო ვამბობ იმ შემთხვევაში, ჩვენ, რომ არ ჩავრეულიყავით და კონკრეტული ღონისძიებები, მათ შორის გასაჯაროება არ მოგვეხდინა. მათ შორის არ მოგვეხდინა პრევენციული სამუშაოები, რომელმაც მათ ხელი შეუშალეს ამ გეგმის განხორციელებაში, ეს იყო აშკარად დაგეგმილი ღონისძიება, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. მე პოლიტიკურ შეფასებას არ ვუკეთებ, სამართლებრივ შეფასებაზე ვსაუბრობ," - აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.

კითხვაზე, თუ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლების დამხობას გეგმავდა, რატომ არ არიან ამ საქმეზე დაკავებულები, მათ შორის ამ პოლიტიკური ძალის ლიდერები. სუს-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ არსებობს ობიექტური და სუბიექტური გარემოებები:

"სხვათა შორის ლიდერი დაკავებულია, თუმცა სხვა საქმეებზე. ობიექტური გარემოებებიც არსებობს და სუბიექტურიც, რის გამოც ბოლომდე ვერ ხერხდება ამა თუ იმ პირის დაკითხვა, თუმცა მიმდინარეობს ექსპერტიზები, ამოღებულ ტექნიკაზე, მობილურ ტელეფონებზე და ასე შემდეგ. ალბათ მიხვდით - დაკითხვა უნდა მოხდეს შესაბამის დროს, იმ პირობებში სადაც დასაკითხიც და დამკითხველიც კომფორტულად იგრძნობენ თავს და იქნებიან ჯანმრთელები და ვფიქრობ ეს მომენტი მალე დადგება. ერთ-ერთი დასაკითხი, მთავარი ობიექტი იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, გადის მკურნალობას, ჩემი ინფორმაციით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და უახლოეს ხანებში მოგვეცემა საშუალება გამოიკითხონ ის პირები, რომლებიც მთავარ იდეოლოგებად მოიაზრებიან ამ საქმეში," - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

დღის ამბები