28 ნოემბერი 2024,   02:54
ვრცლად
რატომ ელოდებიან ეპიდემიოლოგები "მსუბუქი შტამისგან" მძიმე შედეგებს - "ომიკრონმა" გავრცელება უკვე აჭარაშიც დაიწყო

"ომიკრონი" დედაქალაქს გასცდა - ახალი შტამის შემთხვევები დღეს 4 ახალი შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა. ინფიცირებულებს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ სადაც ახალი შტამი ნელ-ნელა დომინატური ხდება.

სამხრეთ აფრიკული შტამით ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება. "ომიკრონის" 70-მდე დადასტურებული შემთხვევა და 100-ზე მეტი საეჭვო პასუხი ლუგარის ლაბორატორიაში - ეს ციფრები სპეციალისტებისთვის სავარაუდო სცენარის წარმოსადგენად საკმარისია. ივანე ჩხაიძე სადღესასწაულო დღეებში ვირუსის სწრაფ მატებას პროგნოზირებს.

ეპიდემიოლოგებს მიაჩნიათ, რომ ახალი შტამის შესაძლო მსუბუქი მიმდინარეობა საზოგადოებისთვის დამშვიდების მიზეზი არ უნდა იყოს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი და ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში - დევი ტაბიძე ჰოსპიტალურ სექტორზე მოსალოდნელ ზეწოლასა და კლინიკების გადატვირთვაზე საუბრობს. მისითქმით, შესაძლოა მდგომარეობა სეზონური გრიპისა და ახალი შტამის თანხვედრამ კიდევ უფრო გაართულოს.

სპეციალისტების რეკომენდაციით, არსებული მძიმე მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი მასობრივი ვაქცინაცია და "ბუსტერ" დოზებია. კვლევები, რომელიც "ომიკრონის" შტამის ირგვლივ ტარდება ადასტურებს, რომ ვაქცინის სამი დოზა ინფიცირების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.

29 დეკემბრის მონაცემებით საქართველოში სრულად ვაქცინირებულია - 1 მილიონ 100 ათასზე მეტი ადამიანი, რაც ჯამში ზრდასრული მოსახლეობის 39.2%-ს შეადგენს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე  COVID-19-მა ჩვენს ქვეყანაში 13 707 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის ბოლო 24 საათში 61 ინფიცირებული გარდაიცვალა.

დღის ამბები