28 ნოემბერი 2024,   02:49
ვრცლად
"ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია" - ადასტურებს თუ არა გრიგოლ ლილუაშვილი ე.წ სუსის კრებსების ავთენტურობას 

ადასტურებს თუ არა სუს-ის ხელმძღვანელი სექტემბრის თვეში გავრცელებული ფარული ჩანაწერების კრებსების ავთენტურობას და რამდენად კანონიერად ახორციელებს უწყება ფარულ მიყურადებას - სკანდალურ თემაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა "ღამის კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

"სუსი აწარმოებს ფარულ მიყურადებას კანონიერ საფუძველზე. გინახავთ სადმე სპეცსამსახური ან სამართალდამცავი უწყება, რომლის ხელშიცაა გამოძიება, რომელიც არ აწარმოებს? თუმცა ეს უნდა ხდებოდეს კანონიერ საფუძველზე და კანონმდებლობით დაწესებული წესების დაცვით.

გავრცელებული არ იყო ფაილები, ჩვენი ინფორმაციით ეს არის ვორდის დოკუმენტები, ჩვეულებრივ აკრეფილი, რომელიც შეიცავს გარკვეულ შინაარსს. დადასტურებას რაც შეეხება, რა თქმა უნდა გამოძიების მსვლელობისას, რომელსაც გენერალური პროკურატურა აწარმოებს, ხდება ამ ტექსტების ავთენტურობის შესწავლა, რაღაც პროცენტი ადასტურებს დიალოგის თუ ინფორმაციის ნამდვილობას, ხოლო ჩემი ინფორმაციით დიდი ნაწილი ამას არ ადასტურებს. მე არ მინდა წინ გავუსწრო გამოძიებას და ჩემი ვერსიები შევთავაზო, თუმცა ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის მიზანი ყველამ ვიხილეთ ცოტა ხანში, აჟიტირებული მედია-საშუალებები, გადაინაწილეს შინაარსობრივი მიმართულებების მიხედვით და ამ ტელევიზიებმა პირდაპირი შტურმი მოაწყეს ჩვენი სამსახურის მისამართით. მიზანი იყო დაპირისპირების ჩამოგდება ჩვენ სამსახურს, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, ჩვენ სამსახურსა და დიპლომატებს შორი, თუმცა საბედნიეროდ ეს არ გამოუვიდათ," - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ამასთან სუს-ის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მის უწყებასა და დიპლომატებს აქტიური ურთიერთობა აქვთ და ყველა პარტნიორი ქვეყანა და მათი დიპლომატიური წარმომადგენლობა, სუსს მიიჩნევს, როგორც საიმედო და მყარ პარტნიორს. რაც შეეხება წამყვანის კითხვას, მიიღეს თუ არა პასუხი ამ თემასთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვაზე დიპლომატებმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, რომ კითხვებზე პასუხებს გამოძიება გასცემს.

არის თუ არა მოსმენები პოლიტიკური ბრძოლის იარაღი. გადაცემის წამყვანის კითხვის პასუხად სუს-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მაღალტექნოლოგიური განვითარების გათვალისწინებით მოსმენები ადვილად განსახორციელებელი გახდა და შესაბამისად პოლიტიკური ბრძოლის იარაღადაც იქცა. გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, ფარული ჩანაწერების ტენდენციის დანერგვაში დიდი როლი მიუძღვის მედიას:

"ჟურნალისტები ხშირად ფარულ ჩანაწერებს და რესპონდენტის ფარულად ჩაწერასაც არ ერიდებიან. დღეს არსებობს ყველა საშუალება, უფრო მეტიც ეს ხელმისაწვდომია ონლაინ მაღაზიებში, გამოწერებით და ასე შემდეგ. პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი სამწუხაროდ გახდა მოსმენები, ჩანაწერები, ადამიანები ერთმანეთს უკვე ისე აღარ ენდობიან ალბათ თუ ჩანაწერი არ გააკეთეს დიალოგის, სამწუხაროდ რეალობა ასეა და ამაში თქვენი კოლეგების დამსახურება ძალიან დიდია. არ მითქვამს, რომ ისინი კრიმინალს ჩადიან, თუმცა ამ ტენდენციის დანერგვაში დიდი როლი მიუძღვით," - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

დღის ამბები