28 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
საახალწლო გალაკონცერტი - "გვიყვარდეს ერთმანეთი" 31 დეკემბრის ღამეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება

კახა კალაძემ წლის ბოლო მთავრობის სხდომაზე საახალწლო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე, მათ შორის, 31 დეკემბერს დაგეგმილ გალაკონცერტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საახალწლო აქტივობები დედაქალაქში 14 იანვრამდე გაგრძელდება.

"მინდა გაგაცნოთ 31 დეკემბრის ღამის საახალწლო პროგრამა, კერძოდ, გალაკონცერტი "გვიყვარდეს ერთმანეთი", რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი მოვა და ეს ტელევიზიითაც გადაიცემა.

გალაკონცერტის მუსიკალური პროგრამა აგებულია ქართული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ მელოდიებზე. მათ შორის არის საახალწლო თემაზე შექმნილი პოპულარული მუსიკალური ნაწარმოებები. პროექტში ჩართულია სხვადასხვა თაობის და მუსიკალური მიმართულების წარმომადგენლები, რაც ასევე საზოგადოების ფართო ჯგუფების ინტერესებზეა გათვლილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საახალწლო ღონისძიებები 14 იანვრამდე გაგრძელდება საახალწლო სოფელში - როგორც ორბელიანის მოედანზე, ისე დედაენის ბაღში. კახა კალაძემ საახალწლო პროგრამაში ჩართულ მეწარმეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"14 იანვარს საახალწლო სოფელი მასშტაბური კონცერტით დაიხურება. მინდა, მოგმართოთ, თბილად ჩაიცვით და აუცილებლად მობრძანდით თქვენი შვილებით, შვილიშვილებით. ძალიან სასიამოვნო გარემო დაგხვდებათ, დაგეგმილია სხვადასხვა თეატრალური, მუსიკალური წარმოდგენა და ღონისძიება. აქვე, მინდა, მეწარმეებს მადლობა გადავუხადო თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა მათი პროდუქტების პოპულარიზაციისთვის. მეამაყება, რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც ეს კულტურა შემოიტანა. მე მახსოვს პირველი წელი, როდესაც ეს პირველად გავაკეთეთ, რამხელა სირთულეს წარმოადგენდა საზოგადოების ჩართულობა, თუმცა დღეს სხვა რეალობა გვაქვს. ჩვენ დღეს გვქვს თბილისში ისეთი ადგილი, რომელსაც საახალწლო სოფელი ჰქვია, როგორც ეს ყველა განვითარებულ ქალაქსა და დედაქალაქშია. ეს არის სასიამოვნო გარემო დასვენებისა და განტვირთვისთვის. შეგიძლიათ, მობრძანდეთ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად და გამოიყენოთ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა," - განაცხადა თბილისის მერმა.

დღის ამბები