28 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
ხმაურისა და დაპირისპირების მიუხედავად ოზურგეთის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ხმაურისა და დაპირისპირების მიუხედავად, ოზურგეთის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. პროექტს ხმა 28 დეპუტატმა მისცა.

ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და "გახარია საქართველოსთვის" წევრებმა.

ოზურგეთის 2022 წლის ბიუჯეტი 27 მილიონ 814 ათასი ლარია. დეპუტატებს საბიუჯეტო პრიორიტეტები მერმა გააცნო და შეკითხვებსაც უპასუხა.

ოზურგეთის მერის ავთანდილ თალაკვაძის განაცხადებით, წელს პრიორიტეტია ინფრასტრუქტურული პროექტები, განათლება და ჯანდაცვა, ასევე გარემოს დაცვა.

"საკრებულომ დაამტკიცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, რომელიც განვითარებაზეა ორიენტირებული, ასევე ცალსახად აღვნიშნე, რომ დამატებით ვმუშაობთ და დამატებით იქნება მოზიდული სახსრები სამთავრობო სტრუქტურებიდან და დონორებიდან. ვთვლით, რომ ბიუჯეტი არის იმ პრობლემებზე და იმ გეგმებზე, რომლებსაც ჩვენ ვაცხადებდით საარჩევნო პერიოდზე, ეს არის 8 პუნქტიანი გეგმა, რომელსაც ცალსახად ასახავს ჩვენი ბიუჯეტი,"- განმარტავს ავთანდილ თალაკვაძე. 

ოპოზიციის თქმით, ბიუჯეტი არ არის მორგებული რეგიონის საჭიროებებზე და მასში როგორც ადმინისტრაციული, ისე არამიზნობრივი ხარჯების მოცულობა საკმაოდ დიდია.

"საკრებულომ დღეს მიიღო ბიუჯეტი, სადაც 27,5 მილიონამდეა ბიუჯეტი და აქედან 14 მილიონამდე არის ხელფასები, მათ შორის სახელშეკრულებო ვალდებულებების გათვალისწინებით. ფაქტიურად, შეიძლება ითქვას, რომ 50% ზე მეტს ჩვენ ვიხდით იმისთვის, რომ " ქართული ოცნების" აქტივისტები ჩვენ დავასაქმოთ,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს თავჯდომარე დავით მჟავანაძე.

დღის ამბები