28 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ჩვენს კანზე გაჩენილი ხალი საშიში - სპეციალისტი საუბრობს ნიშნებზე, რომლის დროს სასწრაფოდ უნდა მივმართოთ ექიმს

რა არის ხალები და როდის არის ის საფრთხის შემცველი ადამიანებისთვის - მელანოციტები წარმოადგენენ უჯრედებს, რომლებიც წარმოქმნიან კანის ფერს (პიგმენტს). ხალების წარმოქმნის მიზეზებზე, მათ სახეობებსა და საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის გზებზე, "რუსთავი 2-ს" დერმატოლოგი, ევროპის დერმატო-ვენეროლოგთა აკადემიის  დირექტორთა საბჭოს (EADV) წარმომადგენელი სოსო კობახიძე ესაუბრა.

არსებობს ხალების სხვადასხვა ტიპი. იმის დასადგენად, თუ როგორ მიხვდეთ, როდის ხდება საშიში ადამიანის ჯანმრთელობისთვის ხალი, ექიმმა ABCDE მეთოდის გამოყენების რეკომენდაცია გვირჩია, ამ სისტემას ქვემოთ უფრო ვრცლად განვმარტავთ.

სოსო კობახიძის განმარტებით, ხალების გართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი,  ასევე,  სხეულზე სხვადასხვა სახის ლაქების წარმოშობა დაკავშირებულია მზის არასწორ დასხივებასთან, რომელმაც, შესაძლოა, კანის სიმსივნეც კი გამოიწვიოს.                 

- რა არის ხალი ჩვენს სხეულზე?

- ხალები არის კანზე წარმონაქმნები, რომელიც ხასიათდება მელანომის და მელანოციტების დაგროვებით. არსებობს სხვადასხვა სახის ხალები, მათ შორის თანდაყოლილი ხალები, შეძენილი და ასევე არსებობს მოსაზღვრე ხალები. ხალების ერთ-ერთი სახეობა არის გიგანტური ხალები, რომლებიც 20 სმ-ზე ზემოთ არის. წარმოქმნას ძირთადად ულტრაიისფერი სხივები უწყობს ხელს. ძირითადად ისეთ ადგილებში ვითარდება, სადაც ხდება მაქსიმალურად  დასხივება, ესენია სახე და გულ-მკერდის ზედაპირი.

- როგორია ხალების ტიპები და რა განასხვავებთ მათ, რამდენად სახიფათო ან პირიქით, უვნებელია ისინი ჩვენთვვის?

არსებობს ხალების სხვადასხვა ფორმა და ტიპი, თუმცა მათგან ყველაზე გავრცელებული ხალების ტიპებია:

კვანძოვანი მელანოციტური ნევუსი – ჩვეულებრივ ყავისფერი, მრგვალი და ბრტყელია;

დერმული მელანოციტური ნევუსი –  ჩვეულებრივ ამოწეული, მკრთალი და ზოგჯერ თმიანია;

შედგენილი მელანოციტური ნევუსი – ამოწეული, ღია ყავისფერი შეფერილობისაა და ზოგჯერ თმიანი. 

როგორ შეიძლება სახლის პირობებში ხალების შემოწმება და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება:

არის  შეფასების კრიტერიუმები, რომელიც, ერთგვარად, დამხმარე საშუალებაა, რომ დაიმახსოვროთ, რას მიაქციოთ ყურადღება. ეს არის ABCDE მეთოდი:

 A - ასიმეტრია

 B - არარეგულარული საზღვრები

 C - ფერის ცვლილება

 D - დიამეტრი

 E - ამოწეული ან გადიდებული.

 A - ასიმეტრია: ნორმალური, ჯანმრთელი ხალი, ჩვეულებრივ მრგვალი ფორმისაა, რადგან ის თანაბრად იზრდება. რაც ნიშნავს, რომ ის არის სიმეტრიული, მისი ერთი ნახევარწრე მეორე ნახევარწრის სარკული გამოსახულებაა. 

B - საზღვრები: მელანომას ხშირად ბუნდოვანი ან უსწორმასწორო საზღვრები აქვს. ნორმალურ, ჯანსაღ ხალებს კი გაცილებით მრგვალი და განსაზღვრული საზღვრები ახასიათებთ.

C - ფერი: ხალი, როგორც წესი ერთი ფერით ხასიათდება, მელანომას კი ხშირად სხვადასხვა ფერი აქვს. მას შეიძლება ჰქონდეს ორი, ან სამი ტონი ფერში, ყავისფერი ან შავი.

D - დიამეტრი: მელანომები, ჩვეულებრივ 6 მილიმეტრზე დიდი ზომისაა. ასევე მელანომასთვის დამახასიათებელია ზრდის გაგრძელება. თუმცა, ეს არ არის ავთვისებიანი მელანომას უტყუარი ნიშანი. კიბოვანი ხალი, შეიძლება ამაზე უფრო პატარაც იყოს და სრულიად ჯანმრთელი ხალი კი შეიძლება უფრო დიდიც იყოს.

E - ზრდა ან განვითარება: მელანომა ხშირად გაიზრდება ზომაში და შეიძლება, კანის ზედაპირიდანაც ამოიზნიქოს. ანთება, ან შეშუპება, ასევე, დამატებითი ნიშნებია იმისა, რომ აუცილებლად სასწრაფოდ უნდა მიხვიდეთ ექიმთან შემოწმებაზე. ასევე, ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ხალი თავის ზომას და ფორმას ინარჩუნებს, მაგრამ მის გარშემო და ქვემოთ ადგილი შეშუპდება, თითქოს ხალი ქვემოთა მიმართულებით გავრცელდა.

დამატებით ნებისმიერი ახალი სიმპტომი, როგორიცაა - სისხლდენა, ქავილი ან ფხაჭნის შეგრძნება, შეიძლება ასევე მიანიშნებდეს ხალის გადაგვარებაზე. 

რა საშუალებები არსებობს ხალის გავრცელების პრევენციისთვის და სად შეგვიძლია გამოვიკვლიოთ სრულფასოვნად ხალების ტიპი და მისი ავთვისებიანობა?

- საქართველოში მოქმედებს ევრო მელანომის პროგრამა. წელიწადში ერთხელ ამ პროგრამის მეშვეობით ხდება მოსახლეობის უფასოდ გამოკვლევა სპეციალური აპარატებით -  დერმატოსკოპებით. აღნიშნული პროგრამა დაახლოებით მარტი-აპრილში ცხადდება. 

როდის არის ყველაზე საშიში მეჭეჭი?

- მეჭეჭი არის ვირუსული დაავადება, რომლის გამომწვევი ვირუსიც არის ჰუმანპაპილომა.  არსებობს სხვადასხვა სახის მეჭეჭი, არის 100-ზე მეტი ტიპის, რომელთაგანაც ხელებზე გვხვდება 10-20 ტიპი ე.წ. ბრტყელი მეჭეჭები. ერთ-ერთი ყველაზე საშიში და საყურადღებო არის სასქესო ორგანოზე განვითარებული მეჭეჭი, რომელსაც სამედიცინო ტერმინით კონდილომები ჰქვია. შესაძლებელია, რომ ეს მეჭეჭი გადაგვარდეს, ამიტომ ყველაზე მეტი ყურადღება უნდა მიექცეს მეჭეჭებს, რომლებიც არის სასქესო ორგანოზე.

თვითონ მეჭეჭმაც შესაძლებელია უკუგანვითარება განიცადოს. ასევე არსებობს მათი უმტკივნეულო მოშორების მეთოდები, როგორიცაა მოყინვა, ან ლაზერით მოშორება. მეჭეჭები სასქესო ორგანოზე განსაკუთრებით საშიშია ქალებში. ამიტომ, პრევენციისთვის, დიდი ხანია უკვე არსებობს საქართველოში ვაქცინები, რომელიც უნდა გაკეთდეს მოზრდილ ასაკში, მანამ, სანამ დაიწყებენ სქესობრივ ცხოვრებას.

რა არის ჭორფლი და როგორ ავირიდოთ მისი გაჩენისგან თავი?

- ჭორფლი პატარა ბრტყელი ყავისფერი ნიშნებია, რომელიც ხშირად ჩნდება სახეზე.გამომწვევი მიზეზი კი არის მზის არასწორი დასხივება. ამიტომ პრევენციისთვის მნიშვნელოვანია მზეს 11:00-დან დღის 3 საათამდე მოვედოთ. ასევე, ჭორფლი გამოწვეულია მელანინის დიდი რაოდენობით.

დერმატოლოგთან საუბრისას, ასევე, დავინტერესდით, როგორ მოქმედებს ნებისმიერი ტიპის ხალზე ეპილაცია, რომელიც თანამედროვე ადამიანისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გავრცელებულ ესთეტი,კური მოვლის პროცედურად იქცა.  

- როგორ მოქმედებს ეპილაცია ხალებზე და რა ასაკიდან არის ეპილაცია უსაფრთხო?

- რაც შეეხება ეპილაციას, ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან დაიხვეწა და განვითარდა. შესაბამისად, აღარ წარმოადგენს რთულ პროცედურას - ხალებთან მიმართებაში, განსაკუთრებით უსაფრთხოა ლაზერული ეპილაცია. თუმცა, მნიშვნელოვანია, ხალები ეპილაციამდე შემოწმდეს სპეციალისტის მიერ. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ 18 წლამდე ლაზერული ეპილაცია არ არის რეკომენდირებული. ასევე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ეპილაცია გარუჯულ კანზე არ შეიძლება.

- როგორ აისახება სოლარიუმი ხალებზე, რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ სოლარიუმის შემდეგ არ წარმოიქმნას რაიმე სახის გართულება?

- სოლარიუმში არის გაფილტრული სხივი, რომელიც ულტრაიისფერი სხივია. ამ შემთხვევაში მზის დამცავი მალამოს ხმარება არ არის საჭირო. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ეს აპარატი იყოს შემოწმებული.

სჯობს, რომ რაც შეიძლება მეტი გამანათებელი ნათურა ჰქონდეს, ვინაიდან 28 ნათურაზე ნაკლები თუ არის, ეს უკვე არ ითვლება უსაფრთხო აპარატად. რაც მეტი ნათურა არის, მით ნაკლები დროა საჭირო რუჯის მისაღებად. რუჯი არის დაცვითი რეაქცია, ამიტომ უნდა მოხდეს მომხმარებლის მხრიდან ყველა რეკომენდაციის დაცვა. რუჯის მიღება დასაშვებია არა უმეტეს კვირაში 2-3-ჯერ. ასევე, მომხმარებლის უფლებაა, იცოდეს სოლარიუმის აპარატი როდის არის წარმოებული, მოხდა თუ არა დოზიმეტრით შემოწმება. ნორმალური კანისთვის, მთელი ცხოვრების მანძილზე, არ არის რეკომენდებული 200-300 წუთზე მეტი.

- მითია თუ რეალობა, რომ პაპილომა ძირითადად ასაკოვან ადამიანებში ჩნდება?

- რაც შეეხება პაპილომებზე გავრცელებულ მითს, თითქოს მხოლოდ შუა ხნის ასაკში ხდება მათი წარმოშობა, პაპილომები აქვთ ახალგაზრდა ასაკშიც, თუმცა ნაკლებად. მაგრამ ასაკობრივი არ არის. ეს არის პაპილომა ვირუსით გამოწვეული, რომელიც არანაირ  პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ მნიშვნელოვანია მოხდეს დიაგნოსტიკა და მოშორებაც, ასევე, სპეციალისტის ჩარევით განხორციელდეს.

დღის ამბები