28 ნოემბერი 2024,   02:51
ვრცლად
საპარლამენტო ოპოზიცია "სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ" კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შეჩერებას ითხოვს

საპარლამენტო ოპოზიცია "სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ" კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შეჩერებას ითხოვს.

ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

"2019 წლის 1-ელი ნოემბრიდან მოქმედებს “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და ქვეყანას ჰყავს სახელმწიფო ინსპექტორი, რომელიც არჩეულია პარლამენტის მიერ 6 წლის ვადით. ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიეკუთვნება იმ მცირერიცხოვან ინსტიტუტთა რიცხვს, რომლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას დადებითად აფასებენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ჩვენი დასავლელი პარტნიორები.

დღეს ნაცვლად იმისა, რომ გადავდგათ ნაბიჯი წინ სამსახურის შემდგომი გაძლიერების მიზნით, რადგან სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ვხედავთ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების მცდელობას, რის უკანაც იკვეთება დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყების წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშნები.

ამას ადასტურებს ისიც, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადებაში ჩართულები არ იყვნენ არათუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები, არამედ ეს ინიციატივა იყო მოულოდნელი თავად სახელმწიფო ინსპექტორისთვის და მთლიანად სამსახურისთვის.

მეტიც, საქართველოს პარლამენტში, უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას, საშიში პრეცენდენტია და დამოუკიდებელი ინსტიტუტის ხელმძღვანელისთვის კონკრეტული ვადით მინიჭებულ ხელშეუხებლობას აზრს უკარგავს.

ამასთან, ინიცირებული რესტრუქტურიზაციის საფარქვეშ პარლამენტის მიერ არჩეული სახელმწიფო ინსპექტორის ვადაზე ადრე ფაქტობრივი გადაყენება თანამდებობიდან, გარდა უშუალოდ ამ ინსტიტუტზე დარტყმის და დასუსტებისა, არის ღია გზავნილი სხვა, ხელისუფლებისგან მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი თანამდებობის პირის თუ საჯარო მოხელის მიმართ, რომ ისინი შეიძლება მკაცრად დაისაჯონ პროფესიული მოვალეობების შესრულებისთვის.

შესაბამისად, პრინციპულად მიგვაჩნია, რომ პარლამენტმა ჯერ განიხილოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით წარმოდგენილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც 8 თვის წინ წარედგინა პარლამენტს და მხოლოდ ამის შემდგომ დავიწყოთ მსჯელობა კანონში ცვლილებების მიზანშეწონილობის შესახებ.

მოვითხოვთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ შეაჩეროს დაჩქარებული წესით საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, რათა პარლამენტმა უზრუნველყოს საკითხის ყოველმხრივი, მიუკერძოებელი შესწავლა და ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით განხილვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მორიგი პრეცედენტი, დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ შეტევის და დემოკრატიზაციის გზაზე მორიგი უკანგადაგმული ნაბიჯი,"- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:  ფრაქცია “ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის",  პოლიტიკური ჯგუფი “რეფორმების ჯგუფი”, ფრაქცია “ენმ”, პოლიტიკური ჯგუფი “გირჩი”, პოლიტიკური ჯგუფი “მოქალაქეები” და დამოუკიდებელი დეპუტატები: თამარ კორძაია, თამარ ჩარკვიანი, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი, ბექა ლილუაშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი, შალვა კერესელიძე და ალექსანდრე მოწერელია.

დღის ამბები