28 ნოემბერი 2024,   02:53
ვრცლად
კელი დეგნანი - ჩვენი რეკომენდაციაა დაპაუზდეს კანონმდებლობის მიღება, იმედია კომიტეტის თავმჯდომარეები ჩვენს წუხილებს სერიოზულად მიუდგებიან

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის თემაა - მთავარი საკითხია, რის გამოც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი პარლამენტში მივიდა. კელი დეგნანი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს მიხეილ სარჯველაძეს შეხვდა. დიპლომატს კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები აქვს.

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ახალ კანონმდებლობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. კელი დეგნანი კომიტეტის თავმჯდომარეებს პროცესის დაპაუზებას მოუწოდებს. 

"ვაფასებთ კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრის შესაძლებლობას, გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ახალ კანონმდებლობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ მუხლთან, რომელიც მისი თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნას გულისხმობს, ამ საკითხებზე შეხვედრაზე ვისაუბრეთ. მათ გაგვცეს პასუხები და ჩაინიშნეს ჩვენი შენიშვნები.

გარდა ამისა, გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა იმ ცვლილებებზე, რომელიც შედის საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობაში, ეს შეეხება მოსამართლეებთან დაკავშირებულ დისციპლინარულ პროცედურებს. ეს პროცესი მიმდინარეობს ნაჩქარევად, შესაბამისად გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება ამ საკითხზე და იმაზე, რომ პროცესი უნდა იყოს უფრო ფართო და ინკლუზიური, რომელშიც იქნება ჩართული სხვადასხვა ექსპერტი და დაინტერესებული მხარე, შესაბამისად გადაწყდება უფრო ბევრი კონსულტაციისა და ფიქრის შედეგად ის, თუ რა შედის საქართველოს საუკეთესო ინტერესში.

ეს იყო ძირითადად ჩვენი რეკომენდაცია, რომ გარკვეულწილად კანონმდებლობის მიღების პროცესი დაპაუზდეს და გაგრძელდეს, მას შემდეგ, რაც საკითხზე უფრო ფართო და სრულყოფილი განხილვა და კონსულტაციები მოხდება. იმედი მაქვს კომიტეტის თავმჯდომარეები ჩვენს წუხილებს სერიოზულად მიუდგებიან," - განაცხადა კელი დეგნანმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ აშშ-ს ელჩთან კელი დეგნანთან შეხვედრისას გაცვალეს პოზიციები, რის შედეგადაც საკმაოდ ინტენსიური მსჯელობა გამართეს. საუბრის დეტალებზე ანრი ოხანაშვილმა ყურადღება არ გაამახვილა.

"რა თქმა უნდა პარლამენტი იმოქმედებს საპარლამენტო სუვერენიტეტის შესაბამისად. ჩვენ ვაგრძელებთ კომიტეტზე კანონპროექტების განხილვას. ის მსჯელობა და დისკუსია, რაც ჩვენ გვქონდა ჩვენს პარტნიორთან, ასევე კომიტეტში რაც იქნება, გახდება მსჯელობის საგანი და ეტაპობრივად კანონპროექტთან მიმართებაში, რა თქმა უნდა თუ ამის რესურსს მოგვცემს ჩვენ საკანონმდებლო ტექნიკა, შესაძლებელია გარკვეული ცვლილებები ავსახოთ," - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ ელჩთან შეხვედრის დროს საუბარი ასევე სასამართლოს საკითხს შეეხო, გეგმაზე, რომელიც იურიდიულ კომიტეტს გააჩნია.

"არაფრის შეზღუდვა არ არის, ეს იქნება დისციპლინური გადაცდომის საკითხი და მეორე - ეს იყო ერთ-ერთი დისციპლინური სანქცია, რომელიც ასევე ყველა ქვეყანაში არის, ერთი სასამართლოდან მეორეში გადაყვანა. ეს იყო ის საკითხები, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დღის ამბები