28 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
"გადაუხდელობა დანაშაული არ არის" - როგორ უნდა მოვიქცეთ, თუკი რესტორანში, კლინიკაში ან ბანკში ფულს ვერ ვიხდით? - იურისტის რჩევები

არაადეკვატური ანგარიში რესტორანში ან კლუბში საკმაოდ ხშირი შემთხვევა გახდა - როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს, როდესაც თანხას ფიზიკურად ვერ ვიხდით და ვერც ვერავინ გვეხმარება ამ დროს? 

როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი, როგორც დაზარალებული მომხმარებლის უფლებები - ამ თემაზე "რუსთავი 2-ის" გადაცემა - "დილა მშვიდობისა საქართველოში", იურისტმა და ასოცირებულმა პროფესორმა თამარ კერძაიამ ისაუბრა.

"ხშირია ასეთი შემთხვევები. სამართლებრივად, როდესაც შევდივართ რესტორანში, ვსხდებით მაგიდასთან და ვაკეთებთ შეკვეთას, მართალია არავითარ ხელშეკრულებას არ ვაწერთ ხელს ასეთ დროს, მაგრამ ის რომ შეკვეთას ვაკეთებთ, ეს უკვე ნიშნავს ზეპირ მომსახურების ხელშეკრულებას ჩვენსა და რესტორანს შორის. ეს არის სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა. ხოლო თუ რომელიმე მხარე, ამ დროს თავის მოვალეობას არ ასრულებს, მაგალითად მომხმარებელი ვალდებულია თანხა გადაიხადოს და თუ მან ეს არ გააკეთა, რესტორანს რჩება უფლება სამართლებრივი გზებით მოითხოვოს თანხის გადახდა. 

რა არის სამართლებრივი გზა? - ეს არის მაგალითად სასამართლო. თუმცა თუკი მომხმარებელი ვალდებულების მიუხედავად ვერ იხდის თანხას, ეს არ არის დანაშაული. ვალაუვალობის გამო, არავინ არ ისჯება. 

ობიექტების დაცვის თანამშრომელთა გადაჭარბებული "უფლებები" - რა ხდება დაძააბულობის მიზეზი, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ძალიან დიდ წარმოადგენს დარღვევას და უკვე სისხლის სამართალში გადავდივართ? 

არავითარ შემთხვევაში, დაცვას არ აქვს უფლება, მომხმარებელთან რომელიც თანხას ვერ იხდის მივიდეს,  დაემუქროს, ფიზიკურად რაიმე ფორმით შეეხოს და მით უმეტეს, აუკრძალოს მას რესტორნიდან გასვლა, სანამ  ვინმე თანხას არ მოაწვდის. ადგილის დატოვების აკრძალვა, თავისუფლების შეზღუდვაა, რომელიც უმძიმესი დანაშაულია. 

როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი თუკი მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა? 

რეკავს აუცილებლად 112-ზე, მოდის საპატრულო პოლიცია, რომელიც არკვევს ხომ არ მოხდა ადამიანზე ამ დროის ძალადობა და მუქარა - შემდეგ კი, ის რესტორანს ეტყვის რომ შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ,"- აცხადებს თამარ კერძაია.

- ანალოგიურ პრობლემებს ვხვდებით კლინიკაში მკურნალობისას, როდესაც პაციენტი სრულ თანხას ვერ იხდის სამედიცინო დაწესებულებაში და მას ამის გამო, არ აძლევენ საშუალება დატოვონ კლინიკა. 

იურისტი თამარ კერძაია პაციენტებს რჩევებს უზიარებს:

"გვაქვს ასეთი შემთხვევები: როდესაც პაციენტს ეუბნებიან, რომ თქვენ არ გაგიშვებთ სანამ თანხას არ გადაიხდით. კიდევ უფრო მძიმე შემთხვევეის დროს კი, თუკი ვინმე ახლობელი მას თანხის გადახდაში ვერ დაეხმარება, პაციენტს აყოვნებენ და არ უშვებენ კლინიკიდან, მიჰყავთ ნოტარიუსთან მისი ახლობელი და უკეთებენ ვალის აღიარებას. 

პაციენტის არ გაშვება, ეს არის კანონსაწინააღმდეგო ქმედებაშესაძლოა პაციენტი სხვა კლინიკაში გადადის, ამ დროს კი, მისი შეყოვნება შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძველი გახდეს. რა თქმა უნდა, პაციენტი ვალდებულია გადაიხადოს თანხა, თუ მას ამას სახელმწიფო არ უფინანსებს. როგორც წესი კი აფინანსებს სახელმწიფო ასეთ შემთხვევებს, მაგრამ გარკვეული თანხა რაც არ არის ანაზღაურებული, თუ ამ ვერ ვიხდით, ეს არ ნიშნავს რომ ყველაფრის უფლება აქვს კლინიკას ამ დროს.  თანხის გადაუხდელობა -ეს არ არის დანაშაული. 

ანალოგიური ხდება ბანკის შემთხვევაში. ნებისმიერი მუქარა თანხის გადაუხდელობის გამო, დაუშვებელია. ხშირად არის ხოლმე ბანკების მხრიდან მუქარა, შენი ოჯახის წევრები ამა და ამ ქონებას ფლობენ და წავართმევთო - უნდა ვიცოდეთ, რომ ვერანაირი სამართლის ნორმებით, ოჯახის ქონებას ვერავინ შეეხება. ამ დროსაც აუცილებელია საგამოძიებო ორგანოს მიმართოთ, ან დარეკოთ საპატრულო პოლიციაში,"- აცხადებს თამარ კერძაია. 

დღის ამბები