28 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
როგორ შეიქმნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და რა პროცესები უძღოდა წინ - ლონდა თოლორაიას უწყების დაჩქარებული ცვლილება

ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე 3 წლის წინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 82 ხმით 21-ის წინააღმდეგ აირჩიეს. დეპუტატებმა ის ამ თანამდებობაზე 6 წლის ვადით დაამტკიცეს.

ინსპექტორის თანამდებობაზე არჩევამდე, ლონდა თოლორაია შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორი იყო. მანამდე კი, 10 წლის განმავლობაში, მთავარ პროკურატურაში მუშაობდა. მან ჩაიბარა ახლადშექმნილი უწყება, რომელსაც პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება უნდა გაეკონტროლებინა და ასევე, სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაული გამოეძიებინა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნას წინ ხმაურიანი პროცესები უძღოდა. ხელმძღვანელის თანამდებობაზე თოლორაიას დანიშვნა, საპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მწვავე კრიტიკის ფონზე წარიმართა. ხელისუფლების ოპონენტები, ინსპექტორის სამსახურის უფროსის კანდიდატურას, მისი კავშირების გამო ეწინააღმდეგებოდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი, ინსპექტორის შერჩევის პროცესში აღმოჩენილ დარღვევებზე მიუთითებდნენ და ვაკანტურ თანამდებობაზე ახალი კონკურსის დანიშვნას მოითხოვდნენ. ისინი თოლორაიას მაშინდელი პრემიერის გიორგი გახარიას კადრად მიიჩნევდნენ.

საბოლოოდ, მესამე სექტორმა შერჩევის პროცესს უნდობლობა გამოუცხადა. 10 ივნისს კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის განცხადებაც გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის შერჩევის კონკურსი დარღვევით მიმდინარეობოდა და პარლამენტისთვის წარდგენილი ორი კანდიდატიდან შესაბამის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს მხოლოდ ერთი აკმაყოფილებდა.

ლონდა თოლორაიამ საკუთარი ხედვა დეპუტატებს 2019 წელის 10 ივნისს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გააცნო. პარლამენტის წევრებს უწყების სამომავლო განვითარების გეგმა წარუდგინა ინსპექტორობის კიდევ ერთმა კანდიდატმა ვალერი ლომუაშვილმაც, თუმცა მან დეპუტატების მხარდაჭერა ვერც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე და ვერც პლენარულ სხდომაზე მოიპოვა. ლონდა თოლორაია სხდომაზე აცხადებდა, რომ საქმიანობის არც ერთ ეტაპზე პოლიტიკური დაკვეთა არ შეუსრულებია.

2018 წლის 21 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ, რომლის მიხედვითაც ინსპექტორს მხოლოდ გამოძიების წარმოების უფლება მიეცა. კანონის ამოქმედება საკანონმდებლო ორგანომ ოთხჯერ გადადო. სახელის ცვლილებასთან ერთად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უფლებამოსილებაც გაეზარდა. 2018 წელს, არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ინსპექტორის სამსახურის რეფორმას. მაშინ ისინი შიშობდნენ, რომ ორი კომპეტენციის ერთი უწყების ქვეშ მოქცევა, პერსონალური მონაცემების დაცვის მექანიზმის დამოუკიდებლობას საფრთხეს შეუქმნიდა.

ლონდა თოლორაიამ სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების შესრულება 2019 წლის 3 ივლისიდან დაიწყო. მან ამ პოსტზე თამარ ქალდანი ჩაანაცვლა, რომელიც 2013 წლიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი იყო და ინსტიტუციური რეფორმის გარდამავალ ეტაპზე, ინსპექტორის თანამდებობას ახალი ხელმძღვანელის არჩევამდე იკავებდა.

დღის ამბები