თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში მოსახლეობა საძოვრის გასხვისებას აპროტესტებს.
მათი თქმით, 5 ჰექტარი მიწის ფართობი, 2 წლის წინ მათგან ფარულად, 40 წლიანი იჯარით კომპანია "ლოპოტამ" შეიძინა, რაშიც მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი - შოთა ნარეკლიშვილი დაეხმარა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სოფელი მთლიანად მესაქონლეობაზეა დამოკიდებული და საძოვრის გასხვისების გამო, არ არის გამორიცხული, საქონლის გაყიდვა მოუწიოთ. მოსახლეობა იჯარის დაუყონებლივ გაუქმებას ითხოვს.
აქციაზე სოფელ ნაფარეულში მერის წარმომადგენელიც იმყოფებოდა.გიორგი ჯიქურიშვილის განმარტებით, ტერიტორიის გასხვისების შესახებ მისთვისაც ახლა გახდა ცნობილი და საკითხში გარკვევის შემდეგ კი პრობლემის მოგვარებაზე იმსჯელებენ. მანამდე კი, სოფელს შეუძლია ალტერნატიული საძოვრით ისარგებლოს.