28 ნოემბერი 2024,   02:46
ვრცლად
პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ აზარაშვილი წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე, ეკატერინე ტიკარაძის შემცვლელი წარადგინა - უწყების ახალი ხელმძღვანელი ზურაბ აზარაშვილი იქნება. ის ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებს. 

"მოგეხსენებათ, რომ ქალბატონი ეკა ტიკარაძე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. მე მინდა მას გადავუხადო მადლობა გაწეული საქმიანობისთვის და ვუსურვო წარმატებები.

დღეს წარმოგიდგენთ ახალ მინისტრს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ბატონ ზურაბ აზარაშვილს.

ზურაბ აზარაშვილი გახლავთ ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ფინანსების მართვის, არის ძალიან კარგი მენეჯერი, ჩვენ თავად გამოვცადეთ და დავრწმუნდით ამაში, მე როცა ვიყავი თავდაცვის მინისტრი ზურა აზარაშვილი მაშინ იყო „დელტას“ ხელმძღვანელი, ასევე „თბილავიამშენის“ ხელმძღვანელი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც არის საქართველოს ავიაციის აღდგენა, უამრავი სხვა პროექტი, რომელიც უკავშირდება ჩვენი თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მრეწველობის გაძლიერებას.

ზურა არის უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანი, იგი არის გაზრდილი ექიმის ოჯახში, მას, რა თქმა უნდა, კარგად აქვს გაცნობიერებული ის გამოწვევები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის წინაშე არის და მე მინდა ზურას ვუსურვო წარმატება, ის არის 5 შვილის მამა, მე ვფიქრობ, რომ ზურა იქნება წარმატებული მინისტრი.

აქვე მინდა აღვნიშნო თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამდენად დიდი სამინისტროს მართვაში ასეთი გამოცდილი კადრის მინისტრად დანიშვნას, იმიტომ, რომ მთელი სამინისტროს ბიუჯეტი არის, დაახლოებით 6 მილიარდი ლარი, ეს არის მთელი ბიუჯეტის თითქმის მესამედი და ბუნებრივია, ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან გამოცდილი კადრი გვჭირდება და მე ვფიქრობ, რომ ასეთი არის ბატონი ზურა,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

უკვე ახალმა მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პრემიერ მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. 

"მადლობა პრემიერო იმ უდიდესი ნდობისთვის, რაც ჩემს მიმართ  გამოიჩინეთ. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, უდიდესი გამოწვევებით სავსე სამინისტროს მართვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მხარდაჭერით და მთავრობის გუნდის მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ მოკლე ვადიან პერიოდში ხელშესახები და მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას," - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა

ჯანდაცვის მომავალი მინისტრი მანამდე ტერაბანკში, "კორ-სტანდარტ" ბანკსა და "ქართუ ბანკში" სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. იყო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ "დელტას" ხელმძღანელიც. 


 

დღის ამბები