28 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
რას მიიჩნევს მთავარ მიღწევებად და რა რჩევებს უტოვებს შემცვლელს ეკატერინე ტიკარაძე - როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

ეკატერინე ტიკარაძემ მინისტრის რანგში დღეს ბოლო ანგარიში წარადგინა. ვინაიდან მისი მთლიანი ხელმძღვანელობის პერიოდი ძირითადად პანდემიას დაემთხვა, 3 წლიანი საქმიანობის შეჯამების უმთავრესი საკითხი COVID-19 იყო. ტიკარაძე დარწმუნებულია, რომ გამოწვევებს ჯანდაცვის სამინისტრო გუნდთან ერთად გაუმკლავდა.

მთავარი რჩევა, რომელიც ის ადგილმონაცვლეს დაუტოვა, უწყების გაჭვირვალობა და პასუხიმგებლობის მაღალი ხარისხის შენარჩუნებაა. ტიკარაძემ პანდემიის მიღმა განხორციელებულ მაშტაბურ პროექტებსა და სისტემაში დარჩენილ პრობლემებზეც ისაუბრა.

როგორი პასუხი გასცა პანდემიას ჯანდაცვის სისტემამ - დღეს ექიმების შეფასებები და დამოკიდებულება დადებითია.  მედიკოსებს მიაჩნიათ, რომ პროგრესი უფრო მეტი იყო, ვიდრე ხარვეზები. მთავარი, რასაც აღნიშნავენ ის არის, რომ ექიმების პოზიციასა და მოსაზრებებს ეკატერინე ტიკარაძე ითვალისწინებდა.

პრეზენტაციაზე მიწვეულ ექიმებს და საზოგადოებას ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან ბოლო რეკომენდაცია მისცა.

"ომიკრონის" საფრთხეები მართლაც დღითიდღე იზრდება. უკვე 51 შემთხვევა ლუგარის ლაბორატორიამ ოფიციალურად დაადასტურა. ინფიცირებულთა შორის ხუთი 18 წლამდე ბავშვია. ერთი თანმდევი დაავადებების გამო კლინიკაში გადის მკურნალობს. ამირან გამყრელიძე შემთხვევების მატებას ელოდება, რადგან ლაბორატორია ათობით ახალ ნიმუშს იკვლევს.

"ომიკრონი" 20% უფრო მეტად ვრცელდება ბავშვებსა და მოზრდილებში, ვიდრე "დელტა" შტამის შემთხვევაში, რადგან ისინი ყველაზე ნაკლებად ვაქცინირებულ ფენას წარმოადგენენ. სპეციალისტებს აქვთ მოლოდინი, რომ ახალი შტამი ამ ასაკში მარტივად მიმდინარეობს.

ექიმები გამოწვევებსა და სირთულეებს ელოდებიან, თუმცა მათთვის იმედის მომცემია, რომ 50-70%-მდე ნაკლებია მძიმე დაავადების და მაღალი ჰოსპიტალიზაციის რისკი.

მოუწევთ თუ არა ისევ რთულ და გადატვირთულ მდგომარეობაში ექიმებს მუშაობა, ამას დრო გიჩვენებს, თუმცა პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაუღალავი შრომისა და ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნისთვის ეკატერინე ტიკარაძემ ყველა მედიკოსს დღეს ჯილდო გადასცა.



დღის ამბები