28 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
საახალწლო სამზადისი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურ ფაზაშია - რეგიონებში საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს

კახეთში წინასაახალწლო სამზადისი გრძელდება, ამჯერად სტარტი ღონისძიებებმა გურჯაანიდან აიღო. ქალაქის მთავარ ქუჩაზე საშობაო ბაზრობა და გასართობი სივრცეები მოეწყო. პატარების განწყობაზე სანტა კლაუსები და ანიმატორები ზრუნავდნენ. საახალწლოდ მორთულ ხის სახლებში ფოტოგადასაღებ სტენდებთან ხალხის ნაკადი არ წყდება. ღონისძიებები გალა კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობა ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა მიიღეს.

გურჯანიის მსგავსად საახალწლოდ ემზადებიან მარნეულშიც. ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პატარების განწყობაზე ზრუნავდნენ სანტა კლაუსი და ზღაპრის სხვადასხვა გმირები.

საზეიმო განწყობაა იმერეთშიც - საშობაო ღონისძიებები და საახალწლო გამოფენა-გაყიდვის სივრცეები მოეწყო თერჯოლაში. ქალაქის ცენტრში მისულმა თოვლის ბაბუამ პატარებს საჩუქრები დაახვედრა. ადგილობრივების განწყობაზე სხვადასხვა მუსიკალური შემსრულებლები ზრუნავდნენ. საახალწლო ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.

განსაკუთრებული მზადებაა ჩხოროწყუშიც. მთავარი სცენა და საგამოფენო სივრცე ქალაქის ცენტრში განთავსდა, სადაც გამოფენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრები. მოსახლეობის განწყობაზე მუსიკალური ანსამბლები და დედაქალაქიდან მიწვეული შემსრულებლები ზრუნავდნენ.

რეგიონებში საახალწლო ღონისძიებები პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარეობს. საახალწლო სამზადისი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურ ფაზაშია.

დღის ამბები