28 ნოემბერი 2024,   02:52
ვრცლად
"დემოკრატიული ქვეყნებისთვის გაუგონარი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ" - ფოთის ყოფილი მერის ადვოკატი

ფოთის ყოფილი მერის ირაკლი კაკულიას ადვოკატი ედიშერ ქარჩავა სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას პირად შურისძიებას უწოდებს და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება გამოიტანა.

ადვოკატის შეფასებით, საქმეში არ დევს მყარი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება ირაკლი კაკულიას ბრალეულობა.

"ირაკლი კაკულია უკვე 2 წელია თავისუფლებაში იმყოფება. მის მიმართ არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა ქრთამისა და სხვა თანმდევი მუხლების მიმართ. საქართველოს პრაქტიკისთვის და დემოკრატიული ქვეყნებისთვის გაუგონარი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, როდესაც პიროვნებაზე თქვა, რომ მან აიღო ქრთამის სახით 30 000 ლარი მხოლოდ მოწმის ჩვენების მიხედვით. სხვა რაიმე მტკიცებულება, დოკუმენტები, ვიდეო-აუდიო ჩანაწერი უბრალოდ არ არსებობს ბუნებაში," - განაცხადა ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ.

"კურიერმა" ირაკლი კაკულიას ოჯახის წევრებთანაც სცადა გასაუბრება, თუმცა მათ პასუხის გაცემა არ ისურვეს.

რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს, ფოთის მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს ნიკოლოზ გრიგოლიას, რომელსაც 2-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, მისი მეუღლე აცხადებს, რომ სასამართლომ საჭირო გადაწყვეტილება მიიღო.

ცნობისთვის, ფოთის ყოფილ მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მერიის სხვა თანამშრომლებს კი 7 და 2 წლიანი პატიმრობა.

გამოძიება მათ სახელმწიფო ქონების დაუფლებას/გაფლანგვას, ქრთამის აღებას და სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებას ედავება. საქმე უკავშირდება მალთაყვას სანაპირო ზოლის რეაბილიტაციას. პროექტი უხარისხოდ შესრულდა.

საქმეზე სასამართლო 2 წლის განმავლობაში მსჯელობდა.

დღის ამბები