28 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
პარკირების გადასახადის გაზრდასთან დაკავშირებით ინფორმაცია ტყუილია - თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, პარკირების ტარიფი არ იცვლება. მერიამ საკითხზე განცხადება გაავრცელა.

"გვინდა, გამოვეხმაუროთ რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც არის ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების დეზინფორმირებას. პარკირების ფასები რჩება უცვლელი. რაც შეეხება სიახლეს - ზონალურ-საათობრივი პარკირების გადახდის სისტემას, მსურველთათვის, დაემატება ვადიანი აბონემენტები, რაც ძირითადად ბიზნესსექტორისთვისა და ორგანიზაციებისთვის არის განკუთვნილი. აბონემენტები წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ალტერნატიულ შეთავაზებას და მისი გამოყენება არ იქნება სავალდებულო. თბილისელებს ან ჩვენი ქალაქის სტუმრებს, კვლავაც შეეძლებათ ზონალურ-საათობრივი პარკირების ადგილებში ჩვეულებრივ ისარგებლონ 1-ლარიანი გადახდის სისტემით,"- აღნიშნულია მერიის განცხადებაში. 

განცხადება თბილისის მერის მოადგილემაც გააკეთა, მისი განმარტებით, ორგანიზაციებს და ბიზნესსექტორს ზონალურ-საათობრივი პარკირების რამდენიმე პაკეტს სთავაზობენ. ხმალაძის თქმით, მათ შორის არის 800-ლარიანი პაკეტი, რომლის შემთხვევაშიც მთელი წელი უფასოდ ისარგებლებენ პარკირებით.
ზონალურ-საათობრივი პარკირების ფასი 1 ლარია, წლიური 50 ლარი ღირს, ამ მიმართულებით კი ცვლილებები არ იგეგმება.

დღის ამბები