28 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
"ომიკრონის" შემთხვევები 5 დღეში 24-ჯერ გაიზარდა - ქვეყანა ახალი ეპიდაფეთქების საფრთხის წინაშე დგას

"ომიკრონის" შტამის მოსალოდნელი საფრთხეებიდან გამომდინარე, ქვეყნის პრეზიდენტი დღეს ბუსტერ დოზით აიცრა და საზოგადოებას მაგალითი მისცა იმის, რომ პანდემიის დასრულებისთვის აცრა ერთადერთი გამოსავალია.

კვლევები, რომელიც ახალი შტამის ირგვლივ ტარდება, მიუთითებს, რომ "ომიკრონით" დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად, ვაქცინის ორი დოზა საკმარისი არ არის. იმისთვის, რომ ნაკლები ადამიანი დაინფიცირდეს და მეტი სიცოცხლე გადარჩეს, სპეციალისტების რეკომენდაცია უცვლელი რჩება - აიცრას ყველა. მათ კი, ვინც ორჯერ არიან აცრილები, მესამე ბუსტერ დოზის გაკეთებას ურჩევენ.

სპეციალისტები მოსალოდნელ საგანგაშო ციფრებს ასახელებენ. "ომიკრონის" სწრაფი გავრცელების ბუნებიდან გამომდინარე, ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა არ გამორიცხავს, რომ ერთ თვეში ახალი შტამით ინფიცირების მაჩვენებელი, ყოველდღიურად, 25 ათასამდე გაიზარდოს.

ცნობები იმის შესახებ, რომ "ომიკრონი" სხვა შტამებთან შედარებით ნაკლებად აგრესიული ფორმით გამოირჩევა, სპეციალისტებისთვის დამშვიდების საფუძველი არ არის. იმ შემთხვევაში, თუ ექიმების პროგნოზი გამართლდა და შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, მოლოდინი აქვთ, რომ უკვე გადატვირთულ კლინიკურ სექტორზე ეს მძიმედ იმოქმედებს.

კლინიკებში თავისუფალი საწოლები დღითიდღე მცირდება. განსაკუთრებით დიდი დატვირთვა რეანიმაციულ განყოფილებებშია. ბოჭორიშვილის კლინიკა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი კოვიდ მიმღები ცენტრია, დღეს ამბობენ, რომ თავისუფალი ადგილი მხოლოდ პედიატრიულ განყოფილებაში აქვთ.

ომიკრონის პირველი შემთხვევა ორშაბათს დაფიქსირდა და დღევანდელი მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით შემთხვევების რაოდენობა 48-მდე გაიზარდა. ათობით საეჭვო ვარიანტს, ლუგარის ლაბორატორიაში ამ დრომდე იკვლევენ.

დღის ამბები