28 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
ენმ-ის ოფისთან შიმშილობას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რამდენიმე ადამიანი გამოეთიშა  

"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან შიმშილობა გრძელდება. ადგილზე კარვებია გაშლილი, მობილიზებულია სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა.

ლიდერებთან ერთად პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ აქტივისტებიც, მთავარი მოთხოვნა უცვლელია. ისინი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

პარალელურად, პროტესტის უკიდურეს ფორმას, გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რამდენიმე მოშიმშილე გამოეთიშა.  

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ადამიანების სიცოცხლე რისკის ქვეშ არ უნდა დადგეს. 

"ის ადამიანები, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც არ შეესაბამება მიმდინარე აქციას, ბუნებრივია, ჩვენ ვცდილობთ რომ მათ შევაწყვეტინოთ შიმშილობა. ძალიან ბევრი ადამიანი უკმაყოფილოა ამით, მაგრამ ნამდვილად ვერ დავაყენებთ დამატებითი რისკის ქვეშ ადამიანების სიცოცხლეს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ეს შიმშილობა რამდენი ხანი გაგრძელდება, არავინ არ იცის წინასწარ," - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. 

"ჩვენი პროტესტი გრძელდება, ეს არის  ერთ-ერთი უკიდურესად მძიმე ფორმა პროტესტის და დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე ხანში ძალიან მალე, სხვა ფორმებსაც მოვიფიქრებთ. არ გავჩერდებით იქამდე, სანამ ამ ქვეყანაში იქნება პოლიტიკური მართლმსაჯულება, იქამდე, სანამ ჩვენ არ გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო," - ამბობს ბაჩო დოლიძე.

დღის ამბები