28 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
"ომიკრონის ცუნამის" გამო ევროპა ვაქცინაციის მე-4 დოზაზე მსჯელობს - რა აჩვენა ახალმა კვლევამ 

ამერიკის შეერთებული შტატები "ომიკრონის" დრამატულ შედეგებს ებრძვის. ქვეყნის ზოგიერთ შტატში ახალი ვარიანტის პრევენციის მიზნით, რეგულაციები მკაცრდება. ზომებს იღებენ ამერიკული ავიაკომპანიებიც, სადაც "ომიკრონ" ვარიანტის გავრცელების გამო, ასეულობით რეისი გააუქმეს. სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კი, კორონავირუსის სამკურნალოდ ამჯერად "მერკის" წარმოების აბები დაამტკიცა, რომელიც ინფექციის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობის სამკურნალოდ იქნება განკუთვნილი.

რეკორდულია კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იტალიასა და საფრანგეთშიც.

"ომიკრონით" გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა გერმანიაში. რობერტ კოხის ინსტიტუტის ინფორმაციით, გარდაცვლილი 60 წელს გადაცილებული ადამიანია. ამ დროისთვის გერმანიაში "ომიკრონის" 3000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. ინფექციის გავრცელების შესაჩერებლად, ქვეყანაში 28 დეკემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდება.

რეკორდულად მაღალი იყო კორონავირუსით ინფიცირების ზოგადი მაჩვენებელი დიდ ბრიტანეთშიც - გასულ 24 საათში ვირუსი 120,000-მდე ადამიანს დაუდასტურდა. ახალი ვარიანტის სწრაფად გავრცელების გამო, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, წლის შემაჯამებელ გამოსვლაში მოსახლეობას აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

"ომიკრონით" დაავადებულ ადამიანებში, სხვა შტამით ინფიცირებულებთან შედარებით, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 50-70%-ით ნაკლებია. ამის შესახებ დასკვნა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, "ომიკრონის" მიმდინარეობა სხვა ვარიანტებთან შედარებით მსუბუქია, თუმცა ის უფრო სწრაფად ვრცელდება და ვაქცინაციის მიმართ უფრო მეტად რეზისტენტულია.

დღის ამბები