28 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
სალოცავად წასვლა ტყვეობის ფასად - რა ვითარებაში დააკავეს ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქეები

4 მოქალაქე, რომლებსაც ეკლესიაში სალოცავად წასვლა ტყვეობის ფასად დაუჯდა. მამაკაცი საკუთარ შვილთან და ორ მეგობართან ერთად საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფლის სალოცავიდან გამოსვლის შემდეგ აიყვანეს. მათ არარსებული საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდება დაკავებიდან რამდენიმე საათში წაუყენეს.

რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან დღეს გათავისუფლებული 4 პირიდან ერთ-ერთმა 57 წლის მამაკაცმა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შემდეგ, დაკავების დეტალები გაიხსენა.

სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილი ოთხი მოქალაქის დაუყოვნებლივი გათავისუფლების პროცესში ხელისუფლებასთან ერთად აქტიური როლი საერთაშორისო თანამეგობრობამაც შეასრულა. საოკუპაციო რეჟიმზე აქტიური ზეწოლის შედეგად დაკავებულებმა უკანონო ტყვეობაში მხოლოდ 1 დღე გაატარეს.

ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შემდეგ ტყვეობაში მყოფები გორში პოლიციის შენობაში გადაიყვანეს. გამოძიებას კითხვები რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით აქვს. ბუნებრივია კითხვები შეეხება იმ პირებსაც, რომლებიც დღემდე რეჟიმის უკანონო პატიმრობაში რჩებიან - როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში. მათ გათავისუფლებას სახელმწიფო არსებული, როგორც საშინაო, ისე საგარეო ბერკეტების გამოყენებით ცდილობს.

ტყვეობაში ამ დროისთვის საქართველოს 3 მოქალაქე რჩება.

 

 

 

დღის ამბები