28 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
დავით აღმაშენებლის მონეტა - სად მიაკვლიეს შეუფასებელ​ არტეფაქტს და როგორ ცდილობდნენ უნიკალური ნივთების გაყიდვას შავ ბაზარზე

ბრიტანეთი აღარ არის ერთადერთი ქვეყანა, რომლის მუზეუმშიც დავით აღმაშენებლის უნიკალური მონეტაა დაცული - მე-12 საუკუნის ისტორიული არტეფაქტი საქართველოსაც აქვს და ის დღეს ეროვნულ მუზეუმში პირველად გამოიფინა.

ისტორიული მონეტის აღწერისას ნუმიზმატები რამდენიმე გარემოებას უსვამენ ხაზს. ერთ-ერთი ის არის, რომ მასზე დავით მეოთხე პირადად არის გამოსახული. ცალკე აღნიშვნის საგანია, ტიტულატურაც, რაც ამ მონეტაზე გარკვევით იკითხება.

სპილენძის მონეტის ერთადერთი ანალოგი, რომელიც ლონდონში ინახება საქართველოში ორი წლის წინ მხოლოდ რამდენიმე დღით ჩამოიტანეს და გამოფინეს. ის 1857 წელს, ჰერცოგმა უილიამ კოულმა ოსმალეთში ყოფნის დროს შეგროვილ სხვა აღმოსავლურ მონეტებთან ერთად ბრიტანეთის მუზეუმს გადასცა. 

ჯერჯერობით უცნობია, ვინ და როგორ აღმოაჩინა აღმაშენებლის მონეტა, თუმცა ის სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა თბილისში, ნავთლუღის დასახლებაში, გევორქი პაპიანის საცხოვრებელი სახლიდან ამოიღო. მანამდე თეთრიწყაროში მცხოვრები ვალერიკ ლამაზიანის სახლში იპოვეს სხვა ძვირფასი ისტორიული ნივთები, რომლებიც ასევე შავ ბაზარზე გასაყიდად იყო გამზადებული.

"კურიერის" ინფორმაციით, სწორედ ამ ნივთების ამოღების შემდეგ მივიდა გამოძიება ნავთლუღის დასახლებამდე და აღმაშენებლის მონეტამდე. ქალი რომელიც დღეს ამ მისამართს "კურიერის" გადამღებ ჯგუფს დახვდა ადასტურებს, რომ მონეტა მისმა დისშვილმა მიიტანა და ამოღების ფაქტსაც შეესწრო.

9 საუკუნის წინ მოჭრილი მონეტა ახლა უკვე საგამოფენო სივრცეშია და სათანადოდ არის დაცული. ეროვნულ მუზეუმში განთავსების მიუხედავად აღმაშენებლის მონეტას დროებით ნივთმტკიცების სტატუსიც დარჩება. მისი აღმოჩენის და გაყიდვის მცდელობებთან დაკავშირებით გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის.

დღის ამბები