28 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
კახა კუჭავა თავმჯდომარის პოსტთან ერთად მანდატსაც ტოვებს - სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მას პარლამენტში გია ცაგარეიშვილი შეცვლის 

კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტთან ერთად, საპარლამენტო მანდატსაც ტოვებს და პარლამენტიდან მიდის. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

როგორც მაჭარაშვილი ამბობს, კახა კუჭავა პოლიტსაბჭოში რჩება და პროექტებს გაუძღვება, რომლის შესახებაც საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი. 

"საკითხი განხილული იყო როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე უმრავლესობის სხდომაზე. კახა კუჭავამ ახსნა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების მიზეზები. მე და ჩემი კოლეგები მეტ-ნაკლებად საქმის კურსში ვართ იმ დიდ პროექტთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც კახას აქვს თავისი სურვილები და მოსაზრებები. ის რჩება გუნდში, პოლიტსაბჭოში, თანამდებობაზე პარტიაში და გაუძღვება მიმართულებას, რასაც მალე გაიგებს საზოგადოება. მან როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარ საქმიანობას ალღო ძალიან კარგად აუღო და თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ პარლამენტის ერთ-ერთი წარმატებული თავმჯდომარეა," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კახა კუჭავას, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, პარლამენტში გია ცაგარეიშვილი შეცვლის. "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში, ადგილმონაცვლე სწორედ გია ცაგარეიშვილია.

 

დღის ამბები