28 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
ენმ-ის პროტესტის უკიდურესი ფორმის მე-4 დღე - ექიმი ელენე გიორგაძე რამდენიმე მათგანს შიმშილობის შეწყვეტის რეკომენდაციით მიმართავს

უკვე მეოთხე დღეა "ნაციონალური მოძრაობა" შიმშილობის აქციას მართავს - მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ.

პარტიის ოფისთან ცოტახნის წინ სახელმწიფოს მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრი, ექიმი ელენე გიორგაძე მივიდა. ის მოშიმშილეებს პირადად შეხვდა.  ელენე გიორგაძე ამბობს, რომ მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მან უკვე გასცა რეკომენდაცია, რომ ორმა მათგანმა შიმშილობა შეწყვიტოს. როგორც ელენე გიორგაძე ამბობს, ამ ადამიანებს თანხმლები დაავადებები აქვთ, თუმცა თავად ეს მოშიმშილეები უკიდურესი ფორმის პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

"დღეს არის მეოთხე დღე შიმშილობის. ზოგიერთ ადამიანებთან გვჭირდება განსაკუთრებული სიფრთხილე, იმიტომ რომ არის გარკვეული სხვა დაავადებები და შეიძლება დადგეს მომენტი, როცა ექიმები კატეგორიულად მოითხოვენ, რომ ამ ადამიანებმა შეწყვიტონ შიმშილობა,“ - ამბობს ელენე გიორგაძე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას ამ დროისთვის 200-მდე ადამიანი მიმართავს.

"იმ ადამიანებს, ვისაც ექიმები ურჩევენ, რომ შეწყვიტონ შიმშილობა, მიღებული იქნება მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები. დანარჩენი, როგორც იცით, რაოდენობა იმ ხალხის, ვინც უერთდება შიმშილობას, იზრდება და ახლა უკვე დაახლოებით 200-ზე მეტი ადამიანია, ვინც შიმშილობს,"- ამბობს ნუგზარ წიკლაური.

 

დღის ამბები