28 ნოემბერი 2024,   02:53
ვრცლად
"გაუზიარე ემოცია" - დაბადების დღე  მოხუცთა თავშესაფარში, იქ, სადაც ყველაზე მეტად სიყვარული სჭირდებათ

"გაუზიარე ემოცია" - ევროკავშირის პოლიტიკის ლაბის ფასილიტატორმა ხატია აგიაშვილმა, დაბადების დღე, მოხუცთა თავშესაფარში სტუმრობით აღნიშნა და მისი ამ გადაწყვეტილების მიზეზებზეც ისაუბრა. მთავარ მოტივად ის სიხარულის და ემოციის იმ ადამიანებისთვის გაზიარებას ასახელებს, რომლებსაც ეს დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.  

მას იდეის განხორციელებაში კოლეგა ლაშა კეშელევა დაეხმარა. 

"დაბადების დღე, დღესასწაულის გაზიარებაა! კოვიდ პანდემიის გათვალისწინებით, გასული 2 წელია უკვე საფრთხის შემცველია საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება, შეკრება თუ მონახულება… თუმცა, უფრო დასანანია აღნიშნო დაბადების დღე პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით "გემრიელ" გარემოში მაშინ, როცა ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ფენა, მოკლებულია ყოველგვარ სიტკბოებას (განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში)," - ამბობს ხატია აგიაშვილი. 

ევროკავშირის პოლიტიკის ლაბის ფასილიტატორი ამბობს, რომ საზოგადოების მხრიდან მეტი ჩართულობაა საჭირო იმისათვის, რომ მოხუცებისთვის მათი ყოველდღიური ყოფა, უფრო მრავალფეროვანი და სასიამოვნო გახდეს. სწორედ ამიტომ, ის ფიქრობს, რომ ადამიანებმა სიხარული და მზრუნველობა უნდა გაუზიარონ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. 

"ამიტომაც წელს, მაშინ როცა კონსტიტუციით ახალგაზრდობის ბოლო წელს აღვნიშნავდი, გადავწყვიტე გულით ყველაზე ახალგაზრდა ფენასთან - მოხუცებთან ერთად გამეზიარებინა ნაჭერი ტორტიც და სიხარულის ემოციაც… და ერთად აღგვენიშნა დღეობა, ვისაც ჰქონდა ან და ექნება დაბადების დღე, 2021 წელს. მეტი ჩართულობა და პასუხისმგებლობაა საჭირო საზოგადოების მხრიდან მიუსაფარი მოხუცებისათვის, თუმცა ცვლილება, პატარა მოძრაობით იწყება… გავუზიაროთ სიხარული და მხარდაჭერა მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ასეთი ფენა მრავლადაა მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. რასაკვირველია კარგია სადღესასწაულო სივრცეები, თუმცა კოვიდ-19-ის ვითარებაში, ალბათ გონივრული იქნება, ერთ დღიანი სიხარული მზრუნველობით ჩავანაცვლოთ," - ამბობს ხატია აგიაშვილი.

დღის ამბები