28 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
მესამე დღე შიმშილობიდან - რატომ უწუნებს პოლიტიკური პროტესტის ფორმას "ნაციონალურ მოძრაობას" მმართველი პარტია

"ნაციონალური მოძრაობისთვის" ქვეყნის გადარჩენის გზა, ახლა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე გადის.

ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის დასრულების მოთხოვნით, მესამე დღეა პარტიის წევრები და აქტივისტები შიმშილობას განაგრძობენ. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმა თანაპარტიელებს ექსპრეზიდენტმა ულტიმატუმის სახით მოთხოვა - პარტიაში უარყოფენ.

პოლიტიკური პროტესტის ფორმას უწუნებენ "ნაციონალურ მოძრაობას" მმართველ პარტიაში, სადაც აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი, საკუთარი გუნდის წევრებს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს.

ის ფორმა , რომლის საშუალებითაც "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი მოთხოვნების შესრულებას ცდილობს მიუღებელია მათი კოლეგებისთვისაც. ოპოზიციური პარტიების ლიდერთა ნაწილმა დღეს თქვა, რომ შიმშილობა კონკრეტული შედეგის მომტანი ვერ იქნება.

ოპონენტებისა და კოლეგების კრიტიკას არ იზიარებენ ნაცმოძრაობის ლიდერები, რომელთა მხოლოდ ნაწილი შიმშილობს. პარტიაში განმარტავენ, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას ამ დროისთვის მიმართავენ ისინი, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვთ. დანარჩენი კი პარტიისთვის სტრატეგიულ მიმართულებებს კურირებს.

თვითდამაზიანებელი და უშედეგო - ასე აფასებენ პროტესტის ფორმასა და შინაარსს სახელისუფლებო გუნდში. კანონმდებლები მმართველი პარტიიდან განმარტავენ,რომ "ნაციონალურ მოძრაობას" საზოგადოებრივი მხარდაჭერა არ აქვს და ოპოზიციური პარტიის ქმედებებს მარცხისთვის განწირულად მიიჩნევენ.

21 დეკემბერს გამართულ მიტინგზე, ნიკა მელიამ მასობრივი შიმშილობის დაწყების აქცია გამოაცხადა. ნაციონალური მოძრაობის წევრები და რამდენიმე ათეული აქტივისტი პარტიის ეზოში გაშლილ კარვებში, როგორც თავად აცხადებენ, პროტესტის უკიდურესი ფორმით გამოხატვას, უვადოდ განაგრძობენ.

დღის ამბები