28 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
დავიქირავე ევროპაში პირველი ფინანსური ჯგუფი - Rothschild, რომლის ერთ-ერთი ინიციატივაა, საქართველო პოზიციონირდეს, როგორც აღმოსავლეთის ლუქსემბურგი - პრემიერი 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების - ელჩების კონფერენციაზე განაცხადა, რომ მან მსოფლიოში რიგით მეორე და ევროპაში პირველი ფინანსური ჯგუფი - Rothschild-ი დაიქირავა, რომლის ერთ-ერთი ინიციატივაა, საქართველო ეტაპობრივად გარდაიქმნას და პოზიციონირდეს, როგორც აღმოსავლეთის ლუქსემბურგი, რეგიონული ფინანსური ჰაბი.

"ჩვენ უნდა დავამარცხოთ სიღარიბე, უმუშევრობა, მეტი სამუშაო ადგილები უნდა შევქმნათ, მეტი კეთილდღეობა იყოს და ამ მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი საინტერესო ნაბიჯი იყო, რომ ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Rothschild-ი დავიქირავე. მსოფლიოში რიგით მეორე და ევროპაში პირველი ფინანსური ჯგუფია, მისი ერთ-ერთი ინიციატივაა, საქართველო ეტაპობრივად გარდაიქმნას და პოზიციონირდეს, როგორც აღმოსავლეთის ლუქსემბურგი. Luxemburg of the East - ეს იყო მათი ერთ-ერთი იდეა და შემოთავაზება.

ასევე დიდი დაინტერესებაა იმისა, რომ საქართველო გარდაიქმნას, პოზიციონირდეს, როგორც რეგიონული ფინანსური ჰაბი და სტრატეგიული ინვესტორების მოძიებაზეც იქნება მუშაობა და საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ახალი ფინანსური რესურსების შემოდინებაზე.

ჩვენი საერთო ინტერესი უნდა იყოს ინვესტიციების მოზიდვა და ამ მიმართულებით უნდა გავააქტიუროთ მუშაობა ორმხრივ ფორმატში ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან - აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, ევროკავშირთან, აზიის ქვეყნებთან. ამიტომ გვჭირდება მეტი მჭიდრო კონტაქტების დამყარება ბიზნესწრეებთან, არსებული კავშირების გამოყენება და გვჭირდება მეტი ინვესტიცია, მეტი სამუშაო ადგილები, მეტი დასაქმება, მეტი კეთილდღეობა ჩვენი მოსახლეობისთვის და საქართველოს წარმატებული მაგალითის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია.

ჩვენ ეს შეგვიძლია, ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს სათქმელი და ძალიან ბევრი მიღწევით, პროგრესით შეგვიძლია ვიამაყოთ, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც რეგიონშია და ჩვენს ქვეყანაშია, როგორიცაა ოკუპაცია, რომელიც შესაძლოა, იყოს ერთ-ერთ ბარიერი ინვესტორებისთვის, მაგრამ ჩვენი პრაგმატული, გონივრული და პროგნოზირებადი პოლიტიკის გამო, ვფიქრობ, ამ ფსიქოლოგიურ ბარიერსაც დავძლევთ და ინვესტორებსაც დავარწმუნებთ, რომ ინვესტიცია საქართველოში არის დაცული, გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო სფერო, რომლითაც უნდა მოხდეს ინვესტორების დაინტერესება და ა.შ. მეტი სავაჭრო ხელშეკრულება გვჭირდება, მეტი პირდაპირი რეისი წამყვან ეკონომიკებთან, რაც საბოლოო ჯამში პოზიტიურ გავლენას იქონიებს ჩვენს ეკონომიკაზე, სამუშაო ადგილების ზრდასა და მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფაზე", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები